„ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ გადაწყვიტა ხმარებიდან ამოიღოს ესპანელი კალათბურთელის პაუ გასოლის სათამაშო ნომერი. ამის შესახებ თავად გასოლმა განაცხადა და ივარაუდა, როდის შეიძლება ეს მოხდეს.
„ცერემონია შეიძლება მომავალ სეზონში გაიმართოს. დიახ, მე ველაპარაკე გუნდსა და ბასების ოჯახს. ჩვენ ყველანი აღელვებულნი ვართ. რთულია ამ მომენტის წარმოდგენა. უდიდესი ემოციები იქნება და გამიჭირდება საკუთარი თავის გაკონტროლება. ბედნიერი ვარ, რომ ეს რეალობა ხდება“, – მოჰყავს გასოლის სიტყვები Fadeaway World-ს.
პაუ გასოლი „ლეიკერსში“ 2008 წელს გადავიდა და გუნდი პირველივე სეზონში ფინალში გავიდა, სადაც „ბოსტონთან“ დამარცხდა, მაგრამ მომდევნო ორ სეზონში ჩემპიონი გახდა.
ესპანელი მე-11 კალათბურთელი იქნება, რომლის სათამაშო ნომერს „ლეიკერსი“ ხმარებიდან ამოიღებს. გარდა ამისა, გასოლი მხოლოდ მეშვიდე ევროპელი გახდება NBA-ის ისტორიაში, ვინც ამგვარ პატივს დაიმსახურებს.