NBA-ის შუასასეზონო ტურნირის ფინალში „ლეიკერსი“ „ინდიანას“ დაუპირისპირდება [ვიდეო] #1TVSPORT

NBA-ს ისტორიაში პირველი შუასასეზონო ტურნირი სრულდება. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მესვეურთა ახალ წამოწყებაში ლიგის ყველა გუნდი იყო ჩართული.

შუასასეზონო გათამაშება მინიტურნირია, რომელიც ჯგუფურ ეტაპსა და ერთმატჩიანი პლეიოფის ფაზას გულისხმობს. NBA-ს 30 გუნდი ექვს ჯგუფში იყო გადანაწილებული, თითოეულ ჯგუფში ხუთი გუნდი თამაშობდა. ჯგუფური ეტაპის მატჩები 3 ნოემბრიდან ყოველ პარასკევს, 28 ნოემბრის ჩათვლით გაიმართა. 4 დეკემბერს მეოთხედფინალები შედგა, დღეს, გამთენიისას კი – ნახევარფინალები.

ლას ვეგასში გამართულ პირველ ნახევარფინალში „ინდიანა პეისერსი“ „მილუოკი ბაქსს“ დაუპირისპირდა და 128:119 გაიმარჯვა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და „ინდიანამ“ გადამწყვეტი გაქცევა მეოთხე მეოთხედის უკანასკნელ წუთებზე მოახერხა. მათ რიგებში საუკეთესო იყო ტაირის ჰალიბარტონი, რომელმაც 27 ქულა, 15 შედეგიანი გადაცემა და 7 მოხსნა დააგროვა. მას მაილს ტერნერი 26 ქულით დაეხმარა. „მილუოკის“ იანის ანტეტოკუმპომ ულიდერა 37 ქულით.

მეორე ნახევარფინალში „ლეიკერსმა“ „ნიუ ორლეანს პელიკანსი“ დიდი ანგარიშით, 133:89 დაამარცხა. კალიფორნიელებს კვლავ ლებრონ ჯეიმსმა ულიდერა. 38 წლის კალათბურთელმა 22:32 წუთში 30 ქულა, 5 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ის NBA-ის ისტორიაში გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც ასეთი მაჩვენებლები 23 წუთზე ნაკლებ სათამაშო დროში დააფიქსირა.

შუასასეზონო ტურნირის ფინალი 10 დეკემბერს, თბილისის დროით 05:30 საათზე ლას ვეგასში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ შუასასეზონო ტურნირზე ნაჩვენები შედეგები ავტომატურად აისახება რეგულარული სეზონის კალენდარშიც და მხოლოდ ამ მინიგათამაშების ფინალისტებს მოუწევთ სეზონში 83 თამაშის ჩატარება, დანარჩენი გუნდები, როგორც წესია, 82 შეხვედრას გამართავენ.