„ლეიკერსი“ და „მაიამი“ კონფერენციის ფინალში გავიდნენ [ვიდეო] #1TVSPORT
„ლეიკერსი“ და „მაიამი“ კონფერენციის ფინალში გავიდნენ [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) გამთენიისას კონფერენციის ფინალის კიდევ ორი მონაწილე გაირკვა. აღმოსავლეთში ფინალის საგზური „მაიამი ჰიტმა“ მოიპოვა, ხოლო დასავლეთში მეორე ფინალისტი (პირველი „დენვერია“) „ლეიკერსი“ გახდა.

„ლეიკერსმა“ დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური ეტაპის სერიის მეექვსე შეხვედრაში საკუთარ მოედანზე „გოლდენ სტეიტი“ 122:101 დაამარცხა და დაპირისპირებაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:2. კალიფორნიელთაგან მოედანზე საუკეთესო  ლებრონ ჯეიმსი იყო. 38 წლის ჯეიმსმა გუნდის ლიდერობა თავის თავზე აიღო და 30 ქულა, 9 მოხსნა და 9 შედეგიანი პასი დააგროვა. მასთან ერთად გამორჩეულები იყვნენ – ოსტინ რივსი (23 ქულა), დიანჯელო რასელი (19 ქულა) და ენტონი დევისი (17 ქულა, 20 მოხსნა).

„გოლდენ სტეიტში“ მორიგი კარგი თამაში ჩაატარა სტეფ კარიმ, რომელმაც 32 ქულა დააგროვა, თუმცა მას მხარი ვერ აუბა კლეი ტომფსონმა (8 ქულა). აღსანიშნავია, რომ 2014 წლის შემდეგ „უორიორსმა“ დასავლეთ კონფერენციაში სერია პირველად წააგო.

სერიის მეექვსე შეხვედრაში ასევე საკუთარ მოედანზე გაიმარჯვა „მაიამიმაც“. ერიკ სპოელსტრას გუნდმა „ნიუ იორკს“ 96:92 მოუგო და სერია 4:2 დაასრულა. ფლორიდელების რიგებში ყველაზე მეტი ქულა კვლავ ჯიმი ბატლერმა დააგროვა (24 ქულა). დამაჯერებელი იყო ბემ ადებაიოც, რომელმაც 23 ქულასა და 9 მოხსნას მოუყარა თავი.

ნიუიორკელთაგან ისევ ჯალენ ბრანსონი დომინირებდა, მან 41 ქულა ჩააგდო. ბრანსონს სათანადოდ ვერ დაეხმარნენ ბარეტი (11 ქულა) და ჯულიოს რენდლი (15 ქულა).

დასავლეთ კონფერენციის ფინალში „ლეიკერსი“ „დენვერს“ შეხვდება, სერია 17 მაისს კოლორადოში გაიხსნება. რაც შეეხება აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალს, „მაიამის“ მეტოქე „ფილადელფიასა“ და „ბოსტონს“ შორის ჩასატარებელ მეშვიდე თამაშში გაირკვევა.