დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის პირველ შეხვედრაში „დენვერმა“ „ლეიკერსი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) გამთენიისას დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერია დაიწყო. პირველ შეხვედრაში „დენვერ ნაგეტსმა“ საკუთარ მოედანზე “ლეიკერსი“ 132:126 დაამარცხა.

მატჩის სამი მეოთხედი „დენვერის“ უპირატესობით მიმდინარეობდა და მასპინძლები დამაჯერებლად იგებდნენ, თუმცა ბოლო მეოთხედში „ლეიკერსს“ ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, კალიფორნიელებმა მანამდე არსებული 20-ქულიანი ჩამორჩენა სამ ქულამდე შეამცირეს. ამის მიუხედავად, მაიკ მელოუნის გაწვრთნილმა გუნდმა შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა.

„დენვერის“ რიგებში საუკეთესო ნიკოლა იოკიჩი იყო, სერბმა ცენტრმა 34 ქულა, 21 მოხსნა და 14 შედეგიანი პასი დააგროვა. მას კარგად დაეხმარნენ ჯამალ მარი (31 ქულა), კენტავიუს კოლდველ-პოუპი (21 ქულა), ბრუს ბრაუნი (16 ქულა) და მაიკლ პორტერ ჯუნიორი (15 ქულა). „ლეიკერსის“ მხრიდან ყველაზე მეტი ქულა ენტონი დევისმა დააგროვა – 40. რაც შეეხება ლებრონ ჯეიმსს, მან მატჩი 26 ქულით დაასრულა, ოსტინ რივსს 23 ქულა ჰქონდა.

გუნდები სერიის მეორე შეხვედრას 19 მაისს კვლავ „დენვერის“ საშინაო არენაზე გამართავენ. NBA-ს სუპერფინალის მეორე საგზურისთვის აღმოსავლეთ კონფერენციაში „ბოსტონი“ და „მაიამი“ იბრძოლებენ.