„ლეიბორისტულმა პარტიამ“ პარლამენტს განსახილველად „პოლიციის შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი წარუდგინა
„ლეიბორისტული პარტიის“ უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელმა, ლაშა ჩხარტიშვილმა საქართველოს პარლამენტს განსახილველად „პოლიციის შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი წარუდგინა.
აღნიშნული კანონპროექტი შეკრებებისა და მანიფესტაციების დაშლისას ნებისმიერი სახის პლასტმასისა და რეზინის ტყვიების გამოყენების აკრძალვას ითვალისწინებს.
ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, პროექტი გასაცნობად ყველა დეპუტატს ინდივიდუალურად წარედგინება.
ლეიბორისტული პარტიის წევრის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტარებისგან პოზიციის გამოხატვას 10 დღის ვადაში მოითხოვენ.
„საქართველოში სამუდამოდ უნდა დასრულდეს ხელისუფლებების მიერ, მათ შორის ივანიშვილის მიერ, საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობა, ბარბაროსობა, რომელსაც ჰქვია თვალების თხრა. ყველა დეპუტატმა ცალ-ცალკე გაგვცეს წერილობით პასუხი, არის თუ არა ის „თვალთხარია“. ჩვენი პროგრამა მაქსიმუმია, რომ აიკრძალოს რეზინისა და პლასტმასის ტყვიებით თვალების თხრა, ხოლო პროგრამა მინიმუმია, რომ გავარკვიოთ, რამდენი „თვალთხარია“ გვყავს დეპუტატებს შორის“, – განაცხადა ჩხარტიშვილმა.