ლეიბორისტების ლიდერმა ბრიტანეთის მთავრობას მოუწოდა, რუსეთთან კონფლიქტის გამწვავებას მოერიდოს
გაერთიანებული სამეფოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ჯერემი კორბინმა პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის მოუწოდა, თავი აარიდოს რუსეთთან ურთიერთობის გართულებას, რადგან ხისტმა ნაბიჯებმა შესაძლოა, ცივი ომი გამოიწვიოს.
„ლეიბორისტები ყოველთვის აკრიტიკებდნენ პუტინის ულტრაკონსერვატიზმს, მის საგარეო პოლიტიკას, პუტინის რუსეთში ადამიანის უფლებათა დარღვევის გახშირებულ ფაქტებს, კორუფციას, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბრიტანეთმა ახალ ცივ ომს უნდა ჩაუყაროს საფუძველი“, – დაწერა ჯერემი კორბინმა ბრიტანულ გამოცემაში The Guardian.
ჯერემი კორბინმა ასევე აღნიშნა, რომ მისთვის მისასალმებელია ტერეზა მეის გადაწყვეტილება, გააძევონ გაერთინებული სამეფოდან 23 რუსი დიპლომატი, თუმცა ლეიბორისტების ლიდერი მიიჩნევს, რომ ეს ეფექტური არ იქნება.
„სჯობს ბრიტანეთში მცხოვრებ რუს ოლიგარქებზე ფინანსური ზეწოლა გაძლიერდეს, რადგან ამით მეტ ეფექტს მიიღებს ჩვენი ქვეყანა, ვიდრე გაძევებით“, – წერს კორბინი.
ჯერემი კორბინი ბოლო დღეებში გამოთქმული პოზიციის გამო მწვავედ გააკრიტიკა მისივე გუნდის წევრმა, ლეიბორისტმა ჯონ მარტინ მაკდონელმა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის განცხადებით, ბრიტანეთი რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან ყველა დონის ურთიერთობას წყვეტს. აღნიშნული გადაწყვეტილება ქალაქ სოლსბერიში, რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის გამო იქნა მიღებული.
12 მარტს ტერეზა მეიმ მოსკოვს 24-საათიანი ულტიმატუმი წაუყენა და ყოფილი რუსი მზვერავის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმეზე ახსნა-განმარტებების გაკეთება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სანქციებით დაემუქრა.
66 წლის სერგეი სკრიპალი 33 წლის ქალიშვილთან ერთად უგონო მდგომარეობაში ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში 4 მარტს იპოვეს. პოლიციის ინფორმაციით, მათ მოსაწამლად ნერვების პარალიზების გამომწვევი ნივთიერება გამოიყენეს. 66 წლის სერგეი სკრიპალმა დიდ ბრიტანეთში თავშესაფარი 2010 წელს, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ჯაშუშების გაცვლის დროს მიიღო.