„ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები შსს-სთან აქციას მართავენ
„ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები შსს-სთან აქციას მართავენ

„ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი მთავარიო მოთხოვნა სისტემის შეცვლაა.

აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად, სიმბოლურად, თეთრი ხელთათმანები წითლად შეღებეს. ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლება არჩევნებში ხმების მოგროვების მიზნით, კრიმინალთან არის გარიგებული და საგამოძიებო უწყება ეფექტიანად და ობიექტურად არ რეაგირებს ახალგაზრდების მკვლელობებზე.

„ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი მიხეილ ქუმსიშვილი აცხადებს, რომ სისხლიანი ქუჩური გარჩევები ყოველდღიურობად იქცა და არსებული ვითარებისა და სისტემის შესაცვლელად ყველა ღონეს მიმართავენ, მათ შორის, ქუჩის აქციებსაც.

ადგილზე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მცირე სიტყვიერი შელაპარაკებაც მოხდა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პერფორმანსის გამართვის საშუალებას არ აძლევენ. დემონსტრანტები ცდილობდნენ, სისხლიანი ხელთათმანები შსს-ს შენობის ღობეზე დაეტოვებინათ. სამართალდამცველებმა აღნიშნული ქმედების საშუალება არ მისცეს.  აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პოლიცია, ადამიანების სიცოცხლის დაცვის ნაცლად, შენობის ღობეს იცავს.