„ლეიბორისტულ პარტიაში“ არ აკონკრეტებენ, რატომ არ ესწრებოდა შალვა ნათელაშვილი ელჩებთან დღევანდელ შეხვედრას
ელჩებთან ოპოზიციის შეხვედრას დღეს „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლები არ დასწრებიან.
საქართველოს პირველი არხი პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი გუგავას დაუკავშირდა, რომელიც სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ „რაიმე განსაკუთრებული მიზეზი არ ყოფილა“.
მისი თქმით, „ლეიბორისტულ პარტიაში“ ჰქონდათ ინფორმაცია ელჩებთან შეხვედრის შესახებ, თუმცა დღეს ამ შეხვედრაზე ვერ მივიდნენ. კონკრეტულ მიზეზებს კი, რის გამო არ დაესწრო „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აშშ-ის ელჩის მოადგილის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრას, გუგავა არ ასახელებს.
შეკითხვაზე, აპირებენ თუ არა „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლები ცალკე შეხვედრას დიპლომატებთან, გუგავა ამბობს, რომ „შესაძლებელია, ასეც მოხდეს“.