ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა ლედი გაგამ ფეხბურთში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ჰიმნის შესრულებაზე განაცხადი გააკეთა. ამისთვის მან კომპოზიცია ჩაწერა და ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციაში გაგზავნა. ეს ინფორმაცია მუსიკალურმა პროდუსერმა, წარმოშობით მაროკოელმა შვედმა ნადირ ჰაიათმა დაადასტურა, რომელსაც უფრო მეტად RedOne-ის სახელით იცნობენ. მან გაზეთ Daily Star-ს განუცხადა, რომ ფიფასგან პასუხს ელოდებიან.
ჰაიათმა ისიც განაცხადა, რომ ფედერაციისგან უარყოფითი პასუხიც რომ მიიღონ, ფეხბურთის გულშემატკივრები მაინც შეძლებენ კომპოზიციის მოსმენას მსოფლიოს ჩემპიონატის დღეებში.
RedOne არის ავტორი სიმღერისა Bamboo, რომელიც მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატისთვის შეიქმნა. მასვე ეკუთვნის 2014 წლის მუნდიალისთვის დაწერილი სიმღერა – We are one (Ole Ola).
ლედი გაგამ 2017 წელს, ამერიკული ფეხბურთის ფინალის – სუპერბოულის შესვენებაზე იმღერა.