ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის წევრებმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს
თბილისში 7, 8, 9 მარტს გამართულ აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის წევრებმა და უფლებადამცველებმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მიმართეს.
როგორც ჟურნალისტებთან ლაზარე გრიგორიადისის დედამ, თამთა კალანდაძემ განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი მის შვილს შეიწყალებს.
„დღეს ვიმყოფებით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. ჩვენ მივმართავთ მას ლაზარეს შეწყალების თაობაზე. როგორ იმოქმედებს პრეზიდენტი, ამაზე პასუხი არ მაქვს, მაგრამ მჯერა, ის ლაზარეს შეიწყალებს. ჩვენ მზად ვიყავით ამ გადაწყვეტილებისთვის. პრეზიდენტთან კომუნიკაცია არ გვქონია, უბრალოდ, ახალგაზრდებმა ამ საკითხის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს“, – განაცხადა თამთა კალანდაძემ.
ლაზარე გრიგორიადისს სასამართლომ ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ლაზარე გრიგორიადისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე 2023 წლის მარტის აქციებისას პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედებოდა ბრალი. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გასული წლის 31 მარტს შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, ლაზარე გრიგორიადისმა საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, რის შედეგად სამართალდამცველებმა დაზიანება მიიღეს. გამოძიების ცნობითვე, ბრალდებულმა ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.