ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის წევრებმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს
თბილისში 7, 8, 9 მარტს გამართულ აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის წევრებმა და უფლებადამცველებმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მიმართეს.
როგორც ჟურნალისტებთან ლაზარე გრიგორიადისის დედამ, თამთა კალანდაძემ განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი მის შვილს შეიწყალებს.
„დღეს ვიმყოფებით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. ჩვენ მივმართავთ მას ლაზარეს შეწყალების თაობაზე. როგორ იმოქმედებს პრეზიდენტი, ამაზე პასუხი არ მაქვს, მაგრამ მჯერა, ის ლაზარეს შეიწყალებს. ჩვენ მზად ვიყავით ამ გადაწყვეტილებისთვის. პრეზიდენტთან კომუნიკაცია არ გვქონია, უბრალოდ, ახალგაზრდებმა ამ საკითხის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს“, – განაცხადა თამთა კალანდაძემ.