ლატარიის ორგანიზატორის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელის დაანგარიშების წესის შეცვლა იგეგმება
ლატარიის ორგანიზატორის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელის დაანგარიშების წესის შეცვლა იგეგმება

ლატარიის ორგანიზატორის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელის დაანგარიშების წესის შეცვლა იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები უმრავლესობის წევრებმა ირაკლი ზარქუამ და დაჩი ბერაიამ მოამზადეს, რომელიც უკვე ინიცირებულია.

დღეს მოქმედი კანონით, ყოველკვარტალური გადასახდელი დაანგარიშდება ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულებიდან. კანონპროექტის შედეგად კი, აღნიშნული გადასახდელის დაანგარიშება ლატარიის ერთობლივი შემოსავლიდან (ინგ. Gross Gaming Revenue) მოხდება, რომელიც ინიციატორების განმარტებით, წარმოადგენს სხვაობას რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის.

„ლატარიის გადასახდელის დაანგარიშების არსებული წესი მნიშვნელოვნად აფერხებს ლატარიის ორგანიზატორის საქმიანობას და ვერ უზრუნველყოფს ლატარიის ინდუსტრიის განვითარებას. 2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავალი რეალიზებული ლატარიის ბილეთების ჯამური ღირებულების წილიდან იანვარ-ოქტომბერში შეადგენს – 1,260,071 ლარს, 2020 წელს შეადგინა – 1,588,500 ლარი. ცვლილებების ამოქმედების შემდგომი წლის განმავლობაში, ლატარიის ჩატარებისას ბიუჯეტში გადასახდელი თანხები შემცირდება დაახლოებით 20%-ით, თუმცა აღნიშნული შემცირება დაკომპენსირდება შემდგომი წლების განმავლობაში ლატარიის ბრუნვის გაზრდის შედეგად მიღებული შემოსავლებით. კერძოდ, მოსალოდნელია, რომ ლატარიის ორგანიზების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში ლატარიის ორგანიზატორის მიერ ლატარიის ჩატარებისას ბიუჯეტში გადასახდელი თანხის ოდენობა 2024 წლისთვის გაიზრდება დაახლოებით 5%- ით, 2025 წლისთვის – დაახლოებით 15%-ით, 2026 წლისთვის – დაახლოებით 20%-ით, ხოლო 2027 წლისთვის – დაახლოებით 30%-ით”, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.