ლაშა პაპაშვილი - წყალტუბოს განვითარებაზე ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იქნება მოტივი, რომ ბიზნესმენებმა დაიწყონ მოძრაობა
წყალტუბოს განვითარების გეგმა არის აბსოლუტურად პოზიტიური ინიციატივა, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და კურორტის განვითარებისთვის, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, ლაშა პაპაშვილმა განაცხადა.
როგორც ლაშა პაპაშვილმა აღნიშნა, წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვა ძალიან მნიშვნელოვანია.
„შეხვედრაზე უამრავი კითხვა დაისვა და ყველას გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ძალა ერთობაშია. მთავარია, დავიწყოთ. ჩვენ გვაქვს აბასთუმნის მაგალითი, ბიძინა ივანიშვილის მოსვლისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აქტიური ჩართვის შემდეგ, ჩვენ 50 მილიონი ლარი ჩავდეთ აბასთუმნის განვითარებაში.
წყალტუბოში მდებარე ობიექტებზე თუ კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას გადაწყვეტს სახელმწიფო და არის ამის ნიშნები, მნიშვნელოვანი იქნება გრძელვადიანი შეღავათები. საბჭოთა მონუმენტური ნაგებობები ძალიან მიმზიდველი იქნება, მაგრამ ასეთი შენობები ძალიან ხარჯიანია. იცით, რომ მაშინ კომუნისტები არ ზრუნავდნენ ამაზე, 4-მეტრიანი ჭერი არის ოთახებში, უშველებელი ჰოლები, კვების ობიექტები გვხვდება ზოგჯერ 5-6-მეტრიანი ჭერით. მათი გათბობა, ვენტილაცია, განათება იქნება ძალიან რთული. ამიტომ აუცილებელი იქნება დამატებითი შეღავათების ან იაფფასიანი ენერგიის მოწოდება. მზად ვართ ინვესტიციების ჩასადებად. ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა მოტივი იქნება, რომ ბიზნესმენებმა წამოიწყონ და დაიწყონ მოძრაობა. არც სახელმწიფო არ არის ჩამოყალიბებული, როგორ იქნება, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი იქნება ზურგი. თუ ინვესტორები გადაწყვეტენ, ალბათ მის გამგებლობაში მყოფი საინვესტიციო ფონდიც დაეხმარება კაპიტალით ან პირადად შევა“, – განაცხადა პაპაშვილმა.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 29 ოქტომბერს წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ იწყებს წყალტუბოს განვითარების პროექტს. მისივე თქმით, წყალტუბოს აქვს პოტენციალი, გადაიქცეს რეგიონის ტურიზმის დედაქალაქად. „გადავწყვიტე, წყალტუბოში გამოვისყიდო უკლებლივ ყველა, 22 სასტუმრო, ცხრა აბანო და მოვახდინო მათი სრული რეაბილიტაცია“, – აღნიშნულია წერილში.