ლაშა ოდილაძე - კალანდაძეს „ტრაბზონსპორის“ გარდა შვეიცარიის ჩემპიონატის კლუბიც აკვირდება #1TVSPORT
საფეხბურთო მენეჯერმა, ლაშა ოდილაძემ საქართველოს პირველ არხთან კომენტარი გააკეთა ალექსანდრე კალანდაძის მიმართ „ტრაბზონსპორის“ დაინტერესების შესახებ – მისი თქმით, ევრო 2023-ის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და „დინამო თბილისის“ 21 წლის მცველს ბევრი კლუბი აკვირდება.
„სანდრომ ევროპის ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და, რა თქმა უნდა, მის მიმართ ინტერესი გაჩნდა. მან, ისევე როგორც საქართველოს ნაკრების დაცვის ხაზის სხვა მოთამაშეებმა, მსოფლიოს აჩვენეს, რომ საქართველოში არიან ფეხბურთელები, რომელთაც ევროპის წამყვან ლიგებში თამაში შეუძლიათ.
„ტრაბზონსპორის“ ინტერესზე ჩემთვისაც ცნობილია. მათ გარდა, უნგრული კლუბებიდან არის კონკრეტული შეთავაზება, სადაც კონტრაქტს სთავაზობენ. ყველაზე საინტერესო წინადადება კი სანდრომ შვეიცარიის ჩემპიონატის ერთ-ერთი კლუბისგან მიიღო.
ახლა კალანდაძემ ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ითამაშოს და იმედია, თბილისის „დინამოშიც“ გამოიჩენს თავს. ჩვენი სურვილია, ტრანსფერით „დინამო თბილისიც“ კმაყოფილი დარჩეს და ფეხბურთელიც. მთავარია, ჭკვიანური ნაბიჯი გადავდგათ და მას სასურველი კლუბი მოვუძებნოთ“, – ამბობს ლაშა ოდილაძე.