ლაშა ოდილაძე - ბუდუ ზივზივაძე გუნდთან ერთად ვარჯიშს იანვარში დაიწყებს [ვიდეო] #1TVSPORT
ლაშა ოდილაძე - ბუდუ ზივზივაძე გუნდთან ერთად ვარჯიშს იანვარში დაიწყებს [ვიდეო] #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძის მენეჯერმა, ლაშა ოდილაძემ, საქართველოს პირველ არხთან ეროვნული ნაკრებისა და უნგრული „ფეჰერვარის“ თავდამსხმელის მომავალზე ისაუბრა. მისი თქმით, მოლაპარაკება მიმდინარეობს და ახლა ყველაფერი უნგრულ კლუბზეა დამოკიდებული.

„კარგი ვარიანტები ზაფხულში იყო, ბუდუს მეორე ბუნდესლიგის „სანკტ-პაული“ იწვევდა. გერმანელებმა „ფეჰერვარს“ კონკრეტული და საკმაოდ კარგი ფინანსური წინადადებით მიმართეს, მაგრამ უნგრელებმა უარი თქვეს. საკითხი ისე უნდა მოგვარდეს, რომ ყველასთვის კარგი გამოსავალი გამოინახოს. მთავარია, ბუდუ ჯანმრთელად იყოს და ნორმალური ვარიანტი გამოჩნდება.

იმედია, ყველაფერი კარგად იქნება და გამოჩნდება გუნდი, რომელიც „ფეჰერვარს“ სასურველ თანხას გადაუხდის. თუ ზამთრის პერიოდში ტრანსფერი არ მოხერხდა, ზივზივაძე კონტრაქტის დასრულებამდე დარჩენილ 6 თვეს ალბათ უნგრეთში გაატარებს“ – ამბობს ლაშა ოდილაძე.

შეგახსენებთ, რომ ქართველ ბომბარდირს 10 ოქტომბერს უსიამოვნო ამბავი შეემთხვა. უნგრეთის ჩემპიონატში „უიპეშტთან“ (0:1) მარცხის შემდეგ „ფეჰერვარის“ ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქე გუნდის ფანებს ხელი დაუქნია და მოედანი ისე დატოვა. ამის გამო ბუდუ „ფეჰერვარის“ მეორე გუნდში გადაიყვანეს, სადაც ვარჯიშზე მხარი დაიზიანა და ნოემბერში ოპერაცია გაიკეთა.

ოდილაძის თქმით, ზივზივაძის რეაბილიტაცია კარგად მიმდინარეობს და იანვარში, სავარაუდოდ, სრული დატვირთვით განაახლებს ვარჯიშს.

„ბუდუ რეაბილიტაციის პროცესს საქართველოში გააგრძელებს. „ფეჰერვარმა“ მისცა უფლება, რომ მკურნალობა საქართველოს ნაკრების ექიმის მეთვალყურეობით გაიაროს და კლუბის ექიმი საქმის კურსში ჩააყენოს. შემდეგ უნგრეთში დაბრუნდება და მკურნალობის დასკვნით კურსს იქ გაივლის. იანვარში კი გუნდთან ერთად ვარჯიშსაც დაიწყებს“, – განაცხადა ოდილაძემ.