ლაშა ოდილაძე - კვარაცხელია და მამარდაშვილი საქართველოს ისეთი რეკლამაა, რომ ევრო 2023-ზე ჩვენს ახალგაზრდებს ტოპლიგის კლუბები დააკვირდებიან #1TVSPORT
ლაშა ოდილაძე - კვარაცხელია და მამარდაშვილი საქართველოს ისეთი რეკლამაა, რომ ევრო 2023-ზე ჩვენს ახალგაზრდებს ტოპლიგის კლუბები დააკვირდებიან #1TVSPORT

საფეხბურთო მენეჯერი ლაშა ოდილაძე, რომელიც უნგრეთში საქმიანობს, საქართველოს პირველ არხთან აცხადებს, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ და გიორგი მამარდაშვილმა ქართული ფეხბურთით ევროპა დააინტერესეს და საქართველოში გასამართ ევრო 2023-ის დაწყებამდე ქართველ ფეხბურთელებს გამადიდებელი შუშით აკვირდებიან.

„კვარაცხელიასა და მამარდაშვილის გამო საქართველოს ისეთი რეკლამა აქვს, ქართული ფეხბურთით ევროპელები დაინტერესდნენ, ჩვენი მოთამაშეების მიმართ ტოპლიგებში ინტერესი ძალიან გაიზარდა და უკვე აკვირდებიან. ახლაც ევროპაში ბევრი სელექციონერი უყურებს საქართველოს ჩემპიონატს იმის გამო, რომ ჩვენი ნაკრები 21-წლამდელთა ევრო 2023-ზე მასპინძლის სტატუსით ითამაშებს და გუნდის კანდიდატები აინტერესებთ – ასეთი რამ აქამდე არ მახსენდება.

ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების ყველა კანდიდატი საუკეთესო ფორმაში უნდა იყოს და ამაში ყველამ ხელი უნდა შევუწყოთ. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამაზეა დამოკიდებული, როგორ გამოვა ჩვენი ნაკრები და მის წევრებს რა მომავალი ექნებათ. არადა, სამწუხაროდ, ყველა არ თამაშობს. როგორც კვარა ახარებს საქართველოს, ისე ამ ბიჭებმა საქართველო ევრო 2023-ზე უნდა გაახარონ. მაგრამ თუ ეს ბიჭები კლუბებში არ ათამაშეს, ნაკრები წარმატებას ვერ მიაღწევს.

ვინც კარგად ითამაშებს, ტოპჩემპიონატებში წავა და ეროვნულ ნაკრებსაც გამოადგებიან. ამიტომ კლუბები სვანაძეს გვერდში უნდა დაუდგნენ, რომ ნაკრების კანდიდატებს პრაქტიკა ჰქონდეთ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ლაშა ოდილაძემ.