ლაშა კომახიძე - ბათუმში აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახების რაოდენობა ჯერ უცნობია
ბათუმში აფეთქების შედეგად რამდენი ოჯახი დაზარალდა ჯერ უცნობია, – ამის შესახებ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარეობს ზარალის დათვლა.
“ამ დროისთვის მიმდინარეობს ტერიტორიის შესწავლა და ზარალის დათვლა, საჭიროების შემთხვევაში მერია მზად არის, დაზარალებულებს ალტერნატიული ფართი გამოუყოს და დაეხმაროს“, – განაცხადა ბათუმის მერმა.
აფეთქების შედეგად ახვლედიანის ქუჩაზე სამსართულიანი სახლის კედელი ჩამოინგრა, დაზიანდა მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარი ავტომანქანები, ჩაიმსხვრა მეზობელი სახლების ფანჯრების მინები.
ხუთი დაშავებული, მათ შორის ორი ბავშვი ბათუმის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის გიორგი მესხის ინფორმაციით, აფეთქებასთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც აირის გამოყენების წესების დარღვევას გულისხმობს.
“მიმდინარეობს გამოძიება, ადგილს სწავლობენ ექსპერტ-კრიმინალისტები, აფეთქება ბუნებრივმა აირმა გამოიწვია, თუმცა ეს გაჟონვის გამო მოხდა, თუ დანადგარის გაუმართაობის გამო, ამას გამოძიება დაადგენს“, -განაცხადა გიორგი მესხმა.