ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გადახდა მხოლოდ ბარათით იქნება შესაძლებელი
ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გადახდა მხოლოდ ბარათით იქნება შესაძლებელი

ბათუმი საქართველოში პირველი ქალაქი იქნება, სადაც ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ნაღდი ანგარიშსწორებით აიკრძალება და მას უკონტაქტო გადახდის სისტემა ჩაანაცვლებს, – ამის შესახებ დღეს ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ განაცხადა, რომელმაც 100 დღიანი მუშაობა შეაჯამა.

“უკონტაქტო გადახდის სისტემა დანერგილია მთელ ცივილიზებულ სამყაროში, უნდა დაინერგოს ჩვენთანაც. გარდა ამისა საზოგადოებრივ ტრანსპორტში უნდა დაინერგოს ჯიპიარეს სისტემებიც, რაც მნიშვნელოვნად მოაწესრიგებს მოძრაობას”, – განაცხადა ლაშა კომახიძემ, თუმცა მერს არ დაუკონკრეტებია, როდის გატარდება ინიციატივა პრაქტიკაში.

ბათუმის მერმა 100 დღიანი საქმიანობის 250 გვერდიანი დოკუმენტის პრეზენტაცია 45 წუთში წარმოადგინა. ხმაური მოჰყვა შეკითხვების ნაწილს. საკრებულოს ოპოზიცია მერისგან ითხოვს შეჩერდეს ბათუმის სანაპიროზე მიმდინარე უნებართვო მშენებლობა, მერი კი ამტკიცებს, რომ სასტუმრო „ჰილტონის“ გვერდით კომპანია ტერიტორიის გეოლოგიურ შესწავლას აწარმოებს, რასაც ნებართვა არ სჭირდება.

ხმაური მოჰყვა ასევე ბათუმში იაფი სახლის მშენებლობის შეჩერებულ პროექტს, ველობილიკების მდგომარეობას, სამშენებლო რეგულაციებსა და სხვა საკითხებს.