ბათუმის მერი - მძიმე ფაქტი იყო ჩემთვის, რადგან დაკავებული პირები მუშაობენ მნიშვნელოვან თანამდებობებზე და არიან მაღალი კვალიფიკაციის პირები
ბათუმის მერი - მძიმე ფაქტი იყო ჩემთვის, რადგან დაკავებული პირები მუშაობენ მნიშვნელოვან თანამდებობებზე და არიან მაღალი კვალიფიკაციის პირები

ჩემთვის, როგორც მერისთვის დაკავებები მძიმე ფაქტი იყო, რადგან ყველა პირი მუშაობს მნიშვნელოვან თანამდებობებზე და ისინი არიან მაღალი კვალიფიკაციის პირები, – ამის შესახებ ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ ბათუმში რამდენიმე მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავებების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, დაკავებების მიუხედავად, მუნიციპალიტეტის ყველა სამსახური ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.

,,საკმაოდ მძიმე ფაქტი იყო ადამიანურად ჩემთვის, რადგან კარგად ვიცნობ ყველას. მძიმე იყო ჩემთვის, როგორც მერისთვის, რადგან ყველა პირი მუშაობს მნიშვნელოვან თანამდებობებზე და ისინი არიან მაღალი კვალიფიკაციის პირები.

მესმის ბრალდებების სიმძიმე. მჯერა, გამოძიება დაადგენს და დაალაგებს ყველაფერს. მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტი ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას და ყველა სამსახური შეუფერხებლად გააგრძელებს დაკისრებულ მოვალეობას”, – განაცხადა ლაშა კომახიძემ.

აჭარის პროკურატურამ გუშინ რამდენიმე მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავა, რომელთა შორის არიან ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბაგრატ მანველიძე, აგრეთვე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძე, ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე, ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი ეგარსლან ლომაძე, ბათუმის მერიის ააიპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხინთიბიძე, ბათუმის მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსი ბექა ხალვაში. როგორც პროკურატურაში განაცხადეს, დაკავება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან თანამშრომლობით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე განხორციელდა. მათ ბრალი ედებათ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში.