ლაშა ჟვანია - ავლაბრის რეზიდენციის ძირითადი ნაწილისთვის სახელმწიფო ცერემონიების სასახლის დარქმევა პრეზიდენტსა და პრემიერს შორის შეთანხმდა
პრეზიდენტსა და პრემიერს შორის შეთანხმდა, რომ ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციის ძირითად ნაწილს სახელმწიფო ცერემონიების სასახლე დაერქვას, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ლაშა ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, მისი თქმით, რაც შეეხება ადმინისტრაციულ შენობას, ამასთან დაკავშირებით სპეციალური ჯგუფი მუშაობს.
„ეს არ გახლავთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება. ეს გახლავთ შეთანხმება პრეზიდენტსა და პრემიერს შორის, რომ ძირითად ნაწილს დაერქვას სახელმწიფო ცერემონიების სასახლე. ადმინისტრაციულ შენობას რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით შექმნილია საპარლამენტო ჯგუფი, რომელშიც დეპუტატებთან ერთად აღმასრულებელი ხელისუფლებაც არის ჩართული. მეც გახლდით კომისიის ერთ-ერთ სხდომაზე, სადაც არის მსჯელობა, რა მიმართულებით განვითარდეს ადმინისტრაციის ნაწილი. ძირითად ნაწილს რაც შეეხება, ეს არის შეთანხმება, რაც განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა“, – აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.
მისი თქმით, ადმინისტრაციის ნაწილის ფუნქციის საკითხი საპარლამენტო ჯგუფის კომპეტენციაა.
პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის ინფორმაციით, ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციას სახელმწიფო ცერემონიების სასახლე დაერქმევა.
ამასთან, საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელმა, დეპუტატმა, მარიამ ჯაშმა განაცხადა, ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში სავარაუდოდ, საქართველოს კულტურის ეროვნული სასახლე განთავსდება.