მარიამ ჯაში - ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში სავარაუდოდ, საქართველოს კულტურის ეროვნული სასახლე განთავსდება
მარიამ ჯაში - ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში სავარაუდოდ, საქართველოს კულტურის ეროვნული სასახლე განთავსდება

ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში სავარაუდოდ, საქართველოს კულტურის ეროვნული სასახლე განთავსდება, – ამის შესახებ დეპუტატმა, მარიამ ჯაშმა განაცხადა.

როგორც საქართველოს პირველ არხს სპეციალური საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელმა, დეპუტატმა, მარიამ ჯაშმა განუცხადა,  სამუშაო ჯგუფი აღნიშნულ საკითხზე საკუთარ რეკომენდაციებს მთავრობას უახლოეს დღეებში წარუდგენს.

„ჩვენ მზად ვართ პრეზენტაციისთვის. უახლოეს დღეებში გვექნება დეტალური მსჯელობა იმ რეკომენდაციებზე, რომელიც შევიმუშავეთ.  საუბარი არის სავარაუდოდ, საქართველოს კულტურის ეროვნულ სასახლეზე. ჩვენ ვუბრუნდებით იმ ძირითად იდეას, რომელიც ეკუთვნის თავად ავლაბრის რეზიდენციის მთავარი სასახლის პროექტის ავტორს, არქიტექტორ გიგა ბათიაშვილს და სწორედ ამ საკითხის გარშემო გვაქვს შემუშავებული რეკომენდაციები მთავრობის მიმართ, რომელსაც უახლოეს დღეებში გავაჟღერებთ“, – აცხადებს მარიამ ჯაში.

რაც შეეხება, პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის ინფორმაციას, რომ ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციას სახელმწიფო ცერემონიების სასახლე დაერქმევა, ჯაშის განცხადებით, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.