ლაშა ჟვანია - ისრაელში საჰაერო განგაში არ წყდება, კვლავ დაძაბული ვითარებაა, ვისაც აქვს სტრესული მდგომარეობა, ვურჩევდი, გაემგზავროს სამშობლოში, რადგან ეს პროცესი არ დასრულდება ორ და სამ თვეში
ლაშა ჟვანია - ისრაელში საჰაერო განგაში არ წყდება, კვლავ დაძაბული ვითარებაა, ვისაც აქვს სტრესული მდგომარეობა, ვურჩევდი, გაემგზავროს სამშობლოში, რადგან ეს პროცესი არ დასრულდება ორ და სამ თვეში

მდგომარეობა კვლავ დაძაბულია, საომარი მდგომარეობაა ჩრდილოეთიდან, ასევე სამხრეთის ფრონტზე არის საბრძოლო მოქმედებები. ისრაელში ვინც დარჩნენ, ჩვენს მოქალაქეებში პანიკური მდგომარეობა ჩამცხრალია, უფრო ნაკლებია გამგზავრების მსურველი, ნაკლებია მომართვიანობა საელჩოსთვის, – ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

ელჩის თქმით, ისრაელის ცენტრალურ ნაწილში – თელ ავივში და მის მიმდებარე ქალაქებში ჩვეულებრივი სამუშაო პროცესები აღდგა.

„გაიხსნა სკოლები, საბავშვო ბაღები, ძირითადად ის შენობები, სადაც დაცულია თავშესაფარი და შეიძლება, შეიყვანო ბავშვები საჰაერო განგაშის დროს. ბუნებრივია, საჰაერო განგაშები არ წყდება, კვლავ დაძაბული ვითარებაა. ამ ყველაფერს თან ახლავს ფსიქოლოგიური სტრესიც, უკვე სამი კვირაა, ამ მდგომარეობაში ვართ. ვისაც აქვს გარკვეული სტრესული მდგომარეობა, ვურჩევდი, რომ გაემგზავროს სამშობლოში და მშვიდ გარემოში იყოს, ვიდრე იყოს გაძლებაზე ამ სტრესში, რადგან ეს პროცესი არ დასრულდება ორ და სამ თვეში. ესაა საკმაოდ ხანგრძლივი საომარი მოქმედებები. ეს არაა სპეცოპერაცია, ესაა ომი, რომელიც გამოცხადებული აქვს ისრაელის სახელმწიფოს. „აირზენას“ მიერ ფრენების აღდგენა-არ აღდგენა არ მგონია, პანაცეა იყოს. მთავარია, პირდაპირი ფრენები საქართველოს მიმართულებით არის. ვისაც მხოლოდ პირდაპირი რეისით გამგზავრება უნდა, არის ამის საშუალება და ასევე არის კვიპროსის საშუალებით თბილისში დაბრუნების საშუალება. თავად არ ვკითხულობთ, „აირზენა“ როდის აღადგენს ფრენებს, ალბათ მაშინ, როდესაც სადაზღვევო კომპანია მას დაზღვევას განუახლებს. ჩვენთვის მთავარია, რომ პირდაპირი რეისები სრულდება თელ ავივი-თბილისი, თელ ავივი-ბათუმის მიმართულებით“, – განაცხადა ჟვანიამ.