ლაშა ჟვანია - აუცილებელია, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრები საბოლოოდ დადგინდეს და ასეთ ხელოვნურ დაძაბულობას მომავალში ადგილი აღარ ჰქონდეს
აუცილებელია, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრები საბოლოოდ დადგინდეს და ასეთ ხელოვნურ დაძაბულობას მომავალში ადგილი აღარ ჰქონდეს“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა.
„როგორც მოგეხსენებათ, პრეზიდენტი იმყოფებოდა დავით გარეჯში ძეგლთა დაცვის სააგენტოსა და „ევროპა ნონსტრას“ წარმომადგენლებთან ერთად. მათ შორის სრულად დაათვალიერეს ჩვენი სამონასტრო კომპლექსი. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასეთი ფაქტები ხდება. განსაკუთრებით ცუდია, როდესაც ეს ემთხვევა აღდგომის დღესასწაულს. ეს ფაქტები ცხადყოფს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის საზღვრის დელიმიტაციის საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, აუცილებელია, საქართველოსა და ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის არსებული შეთანხმებისამებრ კომისიამ დროებით განაახლოს მუშაობა, რათა ორ მეგობარ ქვეყანას შორის საზღვრები საბოლოოდ დადგინდეს და ასეთ ხელოვნურ დაძაბულობას მომავალში ადგილი აღარ ჰქონდეს“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის ინფორმაციაზე, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს და სასულიერო პირებს მონასტერში აღარ უშვებდნენ, დღეს კომენტარი გააკეთეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ქედს მიღმა გადამსვლელი ნაკადი შეზღუდეს.
ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დღესვე განაცხადა, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით ვითარება მოგვარებულია, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, დაკეტილი პუნქტები გახსნას.