ლაშა ჟვანია - 11 ოქტომბრისთვის დანიშნულ დამატებით რეისზე 15-20 წუთში ყველა ბილეთი გაიყიდა, ვმუშაობთ, რათა დამატებითი რეისი კვლავ დაინიშნოს 12 ოქტომბრისთვის
ლაშა ჟვანია - 11 ოქტომბრისთვის დანიშნულ დამატებით რეისზე 15-20 წუთში ყველა ბილეთი გაიყიდა, ვმუშაობთ, რათა დამატებითი რეისი კვლავ დაინიშნოს 12 ოქტომბრისთვის

ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია აცხადებს, რომ 11 ოქტომბრისთვის დანიშნულ დამატებით რეისზე ყველა ბილეთი რამდენიმე წუთში გაიყიდა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მუშაობს დამატებითი რეისის დასანიშნად 12 ოქტომბრისთვისაც.

„კომპანია „აირზენასთან“ საქართველოს მთავრობის მოლაპარაკებით, 11 ოქტომბრისთვის დაინიშნა დამატებითი რეისი და დაახლოებით 15-20 წუთში ყველა ბილეთი გაიყიდა. შესაბამისად, ჩვენ ვმუშაობთ როგორც „აირზენასთან“, ისე ისრაელის მხარესთან, რათა დამატებითი რეისი დაინიშნოს კვლავ, 12 ოქტომბრისთვის. ისრაელში მყოფმა ჩვენმა მოქალაქეებმა, ვისაც საქართველოში დაბრუნების სურვილი აქვს, ყურადღება მიაქციონ ბილეთების გაყიდვებს“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

მისივე თქმით, ბილეთების გაყიდვა ონლაინ მოხდება.

„აქვე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ სახელმწიფოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ თელ ავივის მიმართულებით და თელ ავივიდან შეწყვიტეს ავიარეისების განხორციელება. საქართველო ინარჩუნებს ავიარეისებს და ამატებს დამატებით ავიარეისებს. ყურადღებით იყავით, თუმცა აქვე უნდა ვთქვა, რომ ისრაელში არცერთი ქალაქიდან არ არის მიღებული ევაკუაციის გადაწყვეტილება“, – აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.

მისივე თქმით, ისრაელში ყოფნა უსაფრთხოა, თუ მოქალაქეები დაიცავენ იმ ელემენტარულ წესებს, რომლებსაც ისრაელის შესაბამისი სამსახურები გასცემენ შესასრულებლად.