ლაშა დარსალია - საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის კომისიის მუშაობა მიმდინარეობს სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით, არ დგას საკითხი, რომ ვინმემ უპირატესობა მოიპოვოს
ლაშა დარსალია - საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის კომისიის მუშაობა მიმდინარეობს სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით, არ დგას საკითხი, რომ ვინმემ უპირატესობა მოიპოვოს

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის კომისიის მუშაობა სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კომისიის თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ განუცხადა.

როგორც დარსალიამ აღნიშნა, გუშინ გამართული შეხვედრა ძირითადად იყო კომისიის თავმჯდომარეების გაცნობითი შეხვედრა. გარდა ამისა, შეთანხმდა საექსპერტო ჯგუფებისა და კომისიის შეხვედრის დეტალები.

„კომისია გაიმართება შემდეგ კვირაში, ზუსტი თარიღი დგინდება და უკვე დავიწყებთ მუშაობას უშუალოდ საზღვრის დელიმიტაციასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, 70 პროცენტი მეტ-ნაკლებად სამუშაო დონეზე შეთანხმებულია, დაახლოებით 10-12 მონაკვეთია, რომელზეც ჯერ კიდევ მიმდინარეობს მუშაობა, მათ შორის არის დავით გარეჯის კომპლექსის მიმდებარედ. მნიშვნელოვანია, რომ აქ არ დგას საკითხი, ვინმემ ვინმეს აჯობოს ან რაიმე უპირატესობა მოიპოვოს. ძირითადი, რაზეც მიმდინარეობს მსჯელობა, არის ის, რომ მოიძებნოს საკითხის მისაღები გადაწყვეტა, რომელიც გაითვალისწინებს ორივე ქვეყნის ინტერესებს, მისაღები იქნება ორივე ქვეყნისთვის. მუშაობა იქნება შეუთანხმებელ მონაკვეთებზე, რათა თანდათანობით გავიაროთ ყველა მონაკვეთი საზღვრის გასწვრივ და მივაღწიოთ შეთანხმებას“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

კითხვაზე, შეუთანხმებელ მონაკვეთებთან მიმართებაში იყო თუ არა ჩიჩხიტურის მონაკვეთის შესახებ საუბარი, ლაშა დარსალიამ აღნიშნა, რომ ჩიჩხიტურის კოშკიდან უდაბნოს სამონასტრო კომპლექსამდე მონაკვეთი ერთ-ერთი შეუთანხმებელი ნაწილია.

საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიების თავმჯდომარეებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხალაფ ხალაფოვს შორის შეხვედრა გუშინ ბაქოში გაიმართა.  შეხვედრის შესახებ განცხადებები გაავრცელეს საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო უწყებებმა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოსა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ დავით გარეჯის საკითხზე ნებისმიერი სახის პროვოკაცია მიუღებელია. აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში კი აცხადებენ, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საზღვრის დელიმიტაციის პროცესის მოკლე დროში დასრულების იმედი აქვთ.