საქართველოს საგარეო უწყება - საქართველოსა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ დავით გარეჯის საკითხზე ნებისმიერი სახის პროვოკაცია მიუღებელია
საქართველოს საგარეო უწყება - საქართველოსა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ დავით გარეჯის საკითხზე ნებისმიერი სახის პროვოკაცია მიუღებელია

საქართველოს და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიების თავმჯდომარეების შეხვედრის შესახებ საქართველოს საგარეო უწყება ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს საკითხის მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ მიუღებელია საკითხის ირგვლივ ნებისმიერი სახის პროვოკაციები

„14 მაისს ბაქოში შედგა სამუშაო შეხვედრა საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიების თავმჯდომარეებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომდგენლის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხალაფ ხალაფოვს შორის.

მხარეებმა მიმოიხილეს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის მიმდინარეობა და განიხილეს სამომავლო ნაბიჯები. აღინიშნა, რომ სახელმწიფო საზღვრის დაახლოებით 2/3 შეთანხმებულია შესაბამისი კომისიების მიერ და აუცილებელია აქტიური კომუნიკაციის განახლება შეუთანხმებელი მონაკვეთებზე მხარეთა პოზიციების შეჯერების მიზნით. მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ორი ქვეყნის სამთავრობო კომისიების ოფიციალური სხდომა ჩატარება შემდეგ კვირას.

ორი ქვეყნის წარმომდგენლებმა ხაზი გაუსვეს საკითხის მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ მიუღებელია საკითხის ირგვლივ ნებისმიერი სახის პროვოკაციები.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ დელიმიტაციის პროცესის მიმდინარეობისას იხელმძღვანელებენ სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით, ხოლო დავით გარეჯის კომპლექსის მიმდებარე სასაზღვრო ზოლის პრობლემატიკას დაუბრუნდებიან შემდეგ შეხვედეაზე.

მხარეებმა გამოთქვეს მზაობა მოლაპარაკებების კონსტრუქციული მიდგომით წარმართვაზე და ხაზი გაუსვეს სამუშაო პროცესში ორ ქვეყანას შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინების აუცილებლობას“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.