შეზღუდული უფლებამოსილება გაწევრიანების სანაცვლოდ
შეზღუდული უფლებამოსილება გაწევრიანების სანაცვლოდ: ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის წესების შეცვლა და გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმის გადახედვა – ეს ის საკითხებია, რაზედაც, საქართველოს, როგორც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის ოფიციალური პირების მხრიდან მწვავე შეფასებები კეთდება. როგორც ირკვევა, ბრიუსელს სურს, რომ მომავალი წევრებისთვის თამაშის პირობები შეცვალოს და მათ ათწლიანი გამოსაცდელი ვადა დაუწესოს და ვეტოს უფლება შეუზღუდოს, რათა გაერთიანებაში „უნგრეთის პრეცედენტი“ აღარ განმეორდეს.
მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა წესების შეცვლა დააანონსა, მმართველ გუნდში ინიციატივას თანასწორუფლებიანობის პრინციპის დარღვევად და მეორეხარისხოვანი წევრობის შეთავაზების პრეცედენტად აფასებენ. ოფიციალური თბილისის პოზიცია კი ის არის, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ სრულფასოვანი, თანასწორუფლებიანი და სუვერენული სტატუსით სურს. მმართველი გუნდის განცხადებით, მუდმივად ცვალებადი პირობები, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ძირითად საკითხს, სურს თუ არა ბრიუსელს რეალური გაფართოება.