აზერბაიჯანის საგარეო უწყება - გვაქვს მოლოდინი, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საზღვრის დელიმიტაციის პროცესი მოკლე დროში დასრულდება
დავით გარეჯის საკითხზე ბაქოში გამართულ შეხვედრაზე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. აზერბაიჯანის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების, ხალაფ ხალაფოვისა და ლაშა დარსალიას, ასევე შესაბამისი უწყებების წარმომადგენლების შეხვედრაზე ორი ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციაზე მოსაზრებები გაცვალეს.
„შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ საზღვრის შეუთანხმებელ ნაწილებზე დისკუსია შემდეგ კვირაში გაგრძელდება. როგორც ცნობილია, აზერბაიჯანს და საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვარი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს განისაზღვრა. ორი ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის მიზნით შესაბამისი სახელმწიფო კომისიები შეიქმნა და დღემდე კომისიის 11 შეხვედრა გაიმართა. ამ პროცესის ჩარჩოში, აზერბაიჯანი-საქართველოს 480 კილომეტრიანი საზღვრის ძირითადი ნაწილის დელიმიტაციაზე შეთანხმება მიღწეულია.
ამჟამად ექსპერტების დონეზე დარჩენილ 166 კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობს მუშაობა. მიმდინარე წლის აღდგომის დღესასწაულამდე, ქართველმა მესაზღვრეებმა მომლოცველებისთვის საზღვრის გადაკვეთის პროცესის გამარტივების მიმართვა გააკეთეს, რომელთაც აზერბაიჯანის კეშიკჩიდაგის სახელმწიფო ისტორიულ-კულტურული ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარე ადგილების მონახულება სურდათ.
საქართველოსთან ახლო კავშირების სულისკვეთებით, აზერბაიჯანმა მიმართვა პოზიტიურად მიიღო. შემდეგ, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ ითხოვა პროცესის გახანგრძლივება შემდგომი კვირისთვის. აზერბაიჯანული მხარე ასევე შეხვდა ამ თხოვნას გაგებით და ყურადღება გაამახვილა საზღვრის დელიმიტაციის სწრაფად დასრულების მნიშვნელობაზე.
ჩვენი მოლოდინია, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საზღვრის დელიმიტაციის პროცესი მოკლე დროში დასრულდება“, – აღნიშნულია აზრბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.