ლაშა დარსალია - საერთაშორისო ექსპერტების დასკვნით, აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენისას წინა წლებში ხელისუფლების წარმომადგენლების გამონათქვამები შეიძლება, საქართველოს საზიანოდ იყოს გამოყენებული
ლაშა დარსალია - საერთაშორისო ექსპერტების დასკვნით, აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენისას წინა წლებში ხელისუფლების წარმომადგენლების გამონათქვამები შეიძლება, საქართველოს საზიანოდ იყოს გამოყენებული

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია აცხადებს, რომ საერთაშორისო ექსპერტების შუალედური დასკვნით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის პროცესში წინა წლებში ხელისუფლების წარმომადგენლების გარკვეული გამონათქვამები შეიძლება, საქართველოს საზიანოდ იყოს გამოყენებული.

როგორც ლაშა დარსალიამ აღნიშნა, ექსპერტებმა შეაფასეს ქართული მხარის მიერ სხვადასხვა დროს გადადგმული ნაბიჯები რამდენად რელევანტური იყო.

„შუალედურ დასკვნაში არის შეფასებები, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გარკვეული გამონათქვამები ან ნაბიჯები სხვადასხვა დროს არასათნადოდ ამყარებს ჩვენს პოზიციებს და შეიძლება ჩვენს საზიანოდაც იყოს გამოყენებული. შესაბამისად, შემდგომში შესაცვლელი იქნება მიდგომები აზერბაიჯანელ კოლეგებთან მიმართებაში. ქართულ მხარეს დასჭირდება მოლაპარაკების პროცესში მტკიცებულებების, არგუმენტაციის და პოზიციების გამყარება, რომელიც გარკვეულწილად წარსულში არასწორმა ქმედებებმა შესაძლოა, შეასუსტა. მოლაპარაკებათა პროცესში ასევე მნიშვნელოვანი იქნება, რატომ არ ვიყენებდით აქამდე, მოპოვებულ მასალას, ამაზეც იქნება კითხვები და ქართულ მხარეს მოუწევს შესაბამისი პოზიციის დაყენება.

მთავარი რაც არის, 1996 წლის შეთანხმების ძირითადი არსია – პრინციპულად მოხდა შეთანხმება, რომ 1938 წლის ხაზი არის მნიშვნელოვანი. კონკრეტული რუკაც იყო მითითებული, რითაც სადემაკრაციო კომისიას უნდა ეხელმძღვანელა და პროტოკოლიც არის მითითებული, რომელსაც უნდა დაეფუძნოს ეს შეთანხმება, ეს არის ერთი 500-ათასიანი რუკები, ასევე იმ პროტოკოლში არის ნახსენები სხვა რუკებიც. სწორედ ეს არის ძირითადი მასალები, რომელიც გადაეცა, მათ შორის აზერბაიჯანულ მხარეს და რომელზეც შემდგომში მუშაობა უნდა გაგრძელდეს კომისიების ფარგლებში“, – განაცხადა დარსალიამ.