ლაშა დარსალია - ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძის მიმართ განაჩენი არის პროვოკაცია, რომელზეც პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის მიმართ გამოტანილ განაჩენს პროვოკაციას უწოდებს.
მისივე თქმით, ამაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.
„ეს არის ცალსახად პროვოკაცია, რომელზე პასუხისმგებლობაც მთლიანად რუსეთის ფედერაციას ეკისრება. ეს არის აღმაშფოთებელი ფაქტი. სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო საზოგადოებასთან საუბრობს, რომ თითქოს მას სურს დიალოგი და მეორე მხრივ, აგრძელებს პროვოკაციებს როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. იქ არსებულ ადამიანის უფლებათა ვითარებაზე პასუხისმგებლობა ცალსახად ეკისრება რუსეთის ფედერაციას. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, ეს ნაბიჯი მიმართულია შემდგომი პროვოკაციებისკენ და ვითარების დესტაბილიზაციისკენ. ეს არის ჰიბრიდული ოპერაციის ნაწილი, რომელსაც რუსეთი ახორციელებს საქართველოს წინააღმდეგ, რომლის მთავარი ამოცანაც არის დანერგოს ნიჰილიზმი, გამოიწვიოს დესტაბილიზაცია, გამოიწვიოს ფრუსტრაცია მთელ საზოგადოებაში და წარმოაჩინოს ვითარება, თითქოს რუსეთის ფედერაციის ასეთი დესტრუქციული ნაბიჯები ჩაივლის დაუსჯელად“, – განაცხადა დარსალიამ.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ იმ საერთაშორისო მექანიზმებზე ისაუბრა, რომელსაც პარტნიორი ქვეყნები და ორგანიზაციები რუსეთის წინააღმდეგ მიმართავენ.
„სინამდვილეში იქ არსებულ ადამიანის უფლებათა ვითარებაზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას. ეს კარგად აისახება სწორედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების აქტივობებში. ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის მოსკოვში ვიზიტისას, საქართველო-რუსეთის კონფლიქტის საკითხი იყო დღის წესრიგში, ასევე საგარეო მდივან ბლინკენის და ლავროვის საუბრისას, აქვე მოვიყვან მთელ რიგ რეზოლუციებს, ადამიანის უფლებათა საკითხებზე მოხსენებებს, რომელიც იმართება, ყველაზე მთავარი ბოლო ინსტრუმენტი – სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ მოგებული საქმე. ეს ყველაფერი არის ის გრძელვადიანი ინსტრუმენტები, რომელიც შეუქცევადს ხდის დეოკუპაციის პროცესს და რომელიც რუსეთს მთელი ამ პროცესის მთავარ წაგებულ მხარედ ხდის.
რა თქმა უნდა, როგორც ყველა წინა შემთხვევაში, პარტნიორების აქტიური ჩართულობით, ჩვენ უკვე ვდგამთ ყველა ნაბიჯს, რომ ჩვენი ყველა მოქალაქე რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს თავის ოჯახებს“, – განაცხადა დარსალიამ.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ უკანონოდ დაკავებულ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეუფარდა.