ლაშა ჩხარტიშვილი - „ლეიბორისტული პარტია“ არის ერთადერთი პარტია, რომელსაც თბილისი და ჩვენი ფილტვები არ ჩაუბეტონებია, ქვეყანა არ გაუძარცვავს
„ლეიბორისტული პარტია“ არის ერთადერთი პარტია, რომელსაც თბილისი და ჩვენი ფილტვები არ ჩაუბეტონებია და ქვეყანა არ გაუძარცვავს, – განაცხადა „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელმა, ლაშა ჩხარტიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2021“ სტუმრობისას.
„მით უმეტეს, ამ ბოლო პერიოდში და არა მარტო, „ლეიბორისტული პარტია“ არის ერთადერთი პოლიტიკური პარტია, ვინც ხელისუფლებაში არ ყოფილა და თბილისისთვის არ გაუკეთებია ის, რომ არ ჩაუბეტონებია ჩვენი ქალაქი და ფილტვები, არ უძარცვია ისე, როგორი გაძარცვულიც არის ჭიათურა, რომელიც არის სიმბოლო საქართველოს ძარცვის. როგორც უცხო პლანეტელები, ისე ძარცვავდნენ და აქაც ყველას გადააჭარბა ივანიშვილმა, მაგრამ არც სხვებს დაუკლიათ საკუთარი ქვეყნის ძარცვა“, – განაცხადა ჩხარტიშვილმა.
მისი თქმით, „ლეიბორისტული პარტია“ ოპოზიციიდანაც კი ახერხებდა გამარჯვებების მიღწევას.
„მაგალითად, შეგვიძლია, გავიხსენოთ სასწრაფოს უფასოდ დატოვება, ტარიფების დაკლება და ბევრი სხვა“, – განაცხადა ჩხარტიშვილმა.
როგორც ჩხარტიშვილმა აღნიშნა, სამწუხაროდ, მსხვილი ბიზნესი, მათ შორის, გადაცემაში წარმოდგენილთა სახით, ყველა ხელისუფლების დანაშაულის თანამონაწილე იყო.
„მსხვილი ბიზნესი კლავდა წვრილ მეწარმეობას, წვრილი მეწარმეობა კი უფრო მეტ ადამიანს ასაქმებს, ვიდრე მსხვილი, რაც ცნობილი ფაქტია. შესაბამისად, ჩვენი პრიორიტეტია, „ჩვეულებრივი“ ადამიანები, დასაქმებულები, წვრილი მეწარმეები. თუნდაც, მსხვილი მეწარმეები – ბანკები, ბენზინის, საწვავის, სათამაშო და ფარმაცევტული კომპანიების შეზღუდვის და თუნდაც, პასუხისმგებლობის ფარგლებში“, – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.
საქართველოს პირველ არხზე დღეს კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მონაწილეობით დებატები იმართება. მასში ათი პარტია მონაწილეობს – „მესამე ძალა“, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპელი დემოკრატები“, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“, „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ლელო“, „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“, „გირჩი“, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. 21 სექტემბერს კი, დებატები თბილისის მერობის ყველა რეგისტრირებულ კანდიდატს შორის გაიმართება.