ლანჩხუთში აღდგომის დღესასწაულზე ტრადიციული ლელობურთი 17:00 საათზე გაიმართება.
ლელობურთი ტრადიციულად, ლანჩხუთის რაიონის სოფელ შუხუთის ცენტრში ჩატარდება, სადაც ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთლები შეეჯიბრებიან.
გადმოცემის მიხედვით, ამ მიდამოებში, 1854 წლის მაისში, გურულების მცირე რაზმმა თურქთა სარდლის სელიმ ფაშას დიდძალი ჯარი ამოხოცა, მათ შორის მოღალატე ჰასან-ბეგ თავდგირიძე და შუხუთფერდის სახელით ცნობილ ბრძოლაში ისტორიული გამარჯვება იზეიმა.
მას შემდეგ, აქ ურთიერთობას ლელოს გატანაში ზემოურები და ქვემოურები არკვევენ. ლელოს შუხუთში წელიწადში ერთხელ, ყოველთვის აღდგომა დღეს თამაშობენ.
ზემოურებსაც და ქვემოურებსაც სათამაშოდ რამდენიც შეუძლიათ იმდენი კაცი გამოჰყავთ. ლელობურთის არეალი შუხუთის ცენტრიდან, აქეთ-იქეთ, 400-400 მეტრს მოიცავს, რომლებსაც ღელეები კეტავენ. გამარჯვებული ის არის, ვინც ფუთიან ბურთს ღელის იქეთ გადაიტანს.
ბოლო წლებში ტრადიციად იქცა, გამარჯვებულ მხარის მიერ ბურთის წაღება სოფელ შუხუთში გარდაცვლილის საფლავზე და ამით მიცვალებულისთვის პატივის მიგება.