ლანა ღოღობერიძე - შევარდნაძე მიხვდა, რომ უნდა დაყრდნობოდა ახალგაზრდა ჯგუფს ზურაბ ჟვანიას მეთაურობით, მისი პროგრესულობა, ძირითადად, ამაში იყო
როცა შევარდნაძე საქართველოში ჩამოვიდა, მიხვდა, რომ უნდა დაყრდნობოდა ახალგაზრდა ჯგუფს ზურაბ ჟვანიას მეთაურობით და მისი პროგრესულობა, ძირითადად, სწორედ ამაში იყო, – განაცხადა კინორეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.
„მერე, როცა მათ შორის კონფლიქტი ბუნებრივად მოხდა, იმიტომ, რომ ალბათ წლები და ბევრი სხვა რამ იყო განმსაზღვრელი, ახლა ამაზე პირდაპირ ლაპარაკი ძალიან ძნელია, მაგრამ ფაქტია, ყველაფერი გაჩერდა და ნამდვილი სტაგნაცია დაიწყო“, – განაცხადა ღოღობერიძემ.
მისი თქმით, ზურაბ ჟვანიას მეთაურობით, ჯგუფმა, რომლის წევრიც თავადაც იყო, შეიმუშავა პროგრესული კონცეფცია, თუ როგორ უნდა განვითარებულიყო ქვეყანა, სადაც ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო, პრეზიდენტი ცოტა განზე დარჩენილიყო და აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქცია პრემიერ-მინისტრზე გადასულიყო, მაგრამ ედუარდ შევარდნაძემ ეს აბსოლუტურად არ მიიღო, რადგან საფრთხე დაინახა და ხელისუფლების განაწილება არაფრით არ მოუნდა.
„ეს ნამდვილად არასწორი იყო. ერთი სიტყვით, მერე მოხდა მთელი ეს დაპირისპირება“, – განაცხადა ღოღობერიძემ.
როგორც კინორეჟისორმა აღნიშნა, ედუარდ შევარდნაძესთან მას ძალიან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან და მაშინდელ შევარდნაძეზე მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ ის აბსოლუტურად პროგრესული მოვლენა იყო და განსაკუთრებით, მისი ხელოვნებისადმი დამოკიდებულება იყო პროგრესული.
„თეატრი, კინო, ლიტერატურა, ყველაფერი. კინოს ისე ეხმარებოდა, ქართული კინოს ფენომენი რომ ჩამოყალიბდა, ამაში შევარდნაძის დიდი წვლილია. მას ინტუიციურად ესმოდა, რომ თავისუფლების გარეშე ხელოვნება არ არსებობს და ამაში რაღაცნაირად გვეხმარებოდა“, – განაცხადა ღოღობერიძემ.
მისივე თქმით, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში ძალიან კარგი და სწორი იდეებით მოვიდა და მაშინდელმა ხელისუფლებამ საქართველოსთვის მართლაც ძალიან ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ აბსოლუტურმა ძალაუფლებამ ის აბსოლუტურად გარყვნა.
„სრულიად არასწორად მიმაჩნია, არ ვთქვათ, რამდენი რამ გააკეთა საქართველოსთვის იმ ხელისუფლებამ. ჯერ ერთი, თანამედროვე სახელმწიფოს საფუძველი რეალურად, მართლა მაშინ ჩაეყარა, მაგრამ ელემენტარული ჭეშმარიტებაა, რომ ძალაუფლება რყვნის, აბსოლუტური ძალაუფლება კი აბსოლუტურად რყვნის და ნელ-ნელა, აქაც ეს ხდებოდა. ეს მართლაც მოხდა, სრულიად გარკვეულად“, – განაცხადა ღოღობერიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, დადგა თუ არა დრო, თავი ისევ ვალდებულად ჩათვალოს და პოლიტიკაში ჩაერთოს, ლანა ღოღობერიძემ განაცხადა, რომ ამჟამად გაუცხოების განცდა აქვს, როცა მართლა არ უნდა, პოლიტიკაში იყოს ჩართული და სურს, კიდევ რაღაც დრო გავიდეს, რათა დღევანდელობასაც კიდევ უფრო დისტანციიდან შეხედოს და უფრო ნათლად შეძლოს საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.