მიუნხენის “ბაიერნისა” და გერმანიის ნაკრების ყოფილი მცველი ფილიპ ლამი ბუნდესნაკრების ისტორიაში მეექვსე საპატიო კაპიტანი გახდა. 34 წლის ექსფეხბურთელმა შესაბამისი სიგელი სპეციალურ ცერემონიაზე მიიღო.
უფრო ადრე, ამგვარი პატივი წილად ხვდათ გერმანული ფეხბურთის ლეგენდებს – ფრიც ვალტერს, უვე ზეელერს, ფრანც ბეკენბაუერს, ლოთარ მათეუსსა და იურგენ კლინსმანს.
ამავე ცერემონიაზე ლამი წარადგინეს გერმანიის ელჩად ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ბრძოლაში.
“ჩემთვის უდიდესი პატივია ასეთი მოთამაშეების გვერდით დგომა, რომლებსაც ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი და აღფრთოვანებას გამოვხატავდი მათი მიღწევებით, მინდა ეს ჯილდო მივუძღვნა ყველა ჩემს თანაგუნდელს, რომელთა გარეშეც ამას ვერ მივაღწევდი. ჩვენ ერთად განსაკუთრებულ წარმატებამდე მივედით” – განაცხადა ლამმა.