ლამები — აქლემისებრთა წარმომადგენელი ცხოველები სამხრეთ ამერიკიდან, ძვირად ფასობენ ბეწვისა და ტყავის გამო. თუმცა, ბალანსა და კანს მიღმა, ეს მოშინაურებული ცხოველები კიდევ ერთ მძლავრ ინსტრუმენტს მალავენ, რომლის გამოყენებასაც ადამიანები ცდილობენ.
როდესაც ლამები (Llama glama) ადამიანთა ზოგიერთი მომაკვდინებელი ვირუსით დაინფიცირდნენ, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მათმა სხეულმა ისეთი მძლავრი იმუნური ცილები წარმოქმნა, როგორის წარმოქმნაც ადამიანის სხეულს უბრალოდ არ შეუძლია.
ამ ინფორმაციის გამოყენებით, აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) მკვლევრებმა შექმნეს ადამიანი-ლამის ჰიბრიდული ანტისხეული, რომელსაც შეუძლია დაიმორჩილოს კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე მზაკვარი ვირუსი — აივ ინფექცია.
ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ, HIV) ძლიერ ფორმაცვალებადია, სწრაფად ვითარდება, რათა ადამიანის ანტისხეულები დაბლოკოს. სწორედ ანტისხეულები არიან პასუხისმგებლი გარედან შეჭრილი საფრთხეების შებოჭვასა და შეკავებაზე.
„ჩვეულებრივი ანტისხეულები ზომით საკმაოდ დიდებია, რის გამოც, მათ ვირუსის ზედაპირის პოვნა და მასზე თავდასხმა უჭირთ“, — განმარტავს ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგი ჯიანლიანგ სუ.
ლამის ანტისხეულები სხვანაირია. ზვიგენების, ალპაკებისა და აქლემების მსგავსად, ლამები იმ თითზე ჩამოსათვლელ ცხოველებს შორის არიან, რომლებიც ჩვეულებრივი ანტისხეულების უკიდურესად პატარა ვერსიებს გამოიმუშავებენ. მათ ნანოსხეულებს უწოდებენ და ზომაში ჩვეულებრივი ანტისხეულების მეათედი არიან.
ნანოსხეულები მსუბუქი და მოქნილია. პატარა ზომა და წაგრძელებული ფორმა ვირუსის თავდაცვით ნაწილებს შორის შეძრომის საშუალებას აძლევს და ასე ახშობს მათ ყველაზე ინფექციურ ნაწილებს.
აივ-ის სპეციფიკური ანტისხეულების გამომუშავების სტიმულირებისთვის, აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) მკვლევრებმა ვირუს აივ-1-ის გარსის ნაწილი ერთი წლის განმავლობაში 13-ჯერ შეუყვანეს ერთ კონკრეტულ ლამას.
შემდეგ, ინჟინერიის გამოყენებით, აიღეს აივ-ის ყველაზე მძლავრი ნანოსხეული მათ მიერ შემჩნეულთა შორის და აივ-ის წინააღმდეგ ადამიანის ფართოდმოქმედი ანტისხეულის ნაწილებს შეურწყეს.
ეს ფართოდ გამანეიტრალებელი ანტისხეულები (bNAb), რომლებიც მიზანში აივ-ინფექციის მრავალ შტამს იღებენ, 1990-იან წლებში ზოგიერთ პაციენტში აღმოაჩინეს. მაგრამ თითქმის ორმოცწლიანი კვლევების შემდეგაც კი, მეცნიერებმა ჯერ ვერ შეძლეს აივ-ინფექციის ვაქცინის ან bNAb-ზე დაფუძნებული ხანგრძლივმოქმედი სამკურნალო საშუალების შექმნა, რომლებიც ეფექტიანად შეეწინააღმდეგებოდა ვირუსის მუტაციებს.
თავის მხრივ, ადამიანის ანტისხეულები და ლამის ნანოსხეულები აივ-1-ის შტამების 90 პროცენტს ანეიტრალებენ — თითოეული მათგანი მიზანში იღებს ვირუსის სხვადასხვა ნაწილს. მკვლევართა განცხადებით, ერთობლივად, ეს ორმხრივი მიდგომა „ულტრამძლავრია“. ლამა-ადამიანის ქიმიერამ ლაბორატორიაში აივ-ის 208 შტამის 96 პროცენტი დათრგუნა.
ეს კი ათჯერ უფრო მძლავრია, ვიდრე იქამდე გამოყვანილი ადამიანი ლამის ანტისხეული, რომელიც იმავე ჯგუფმა შექმნა.
„ეს ნანოსხეულები ამ დროისათვის საუკეთესო და ყველაზე მძლავრი გამანეიტრალებელი ანტისხეულებია, რომლებიც, ვფიქრობ, ძლიერ იმედისმომცემია აივ ინფექციის სამომავლო სამკურნალო საშუალებებისა და ანტისხეულების კვლევაში. იმედი მაქვს, ერთ მშვენიერ დღეს, ამ ნანოსხეულებს აივ ინფექციის სამკურნალოდ დაამტკიცებენ“, — ამბობს ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგი პეითონ ჩანი.
უცნობია, ამოიღებს თუ არა მიზანში ახლად გამოყვანილი ლამა-ადამიანის ქიმერა აივ ინფექციას ცოცხალ ცხოველებში და ადამიანებში, მაგრამ ის ფაქტი, რომ მას ვირუსის ორი ყველაზე მოწყვლადი წერტილის შებოჭვა შეუძლია, პათოგენს იმუნური სისტემის კლანჭებისგან თავის დაღწევას გაურთულებს.
ბოლო დროს, ანტისხეულების შეყვანა იმედისმომცემ გზად გამოიკვეთა აივ ინფექციის მკურნალობასა და პრევენციაში, მაგრამ როგორც წინა კვლევები აჩვენებს, ხანგრძლივი ეფექტისთვის საჭიროა ძლიერ სპეციფიკური ფართოდ გამანეიტრალებელი ანტისხეულები (bnAb) მაღალი დოზით.
სავარაუდოდ, ლამის ანტისხეულები არის გზა, რომელიც სამკურნალო საშუალებებს უფრო მძლავრს გახდის დაბალი კონცენტრაციითაც კი. თუმცა, კიდევ ერთი გამოწვევაა, როგორ გავახანგრძლივოთ პრეპარატთა მოქმედება.
აივ ინფექციის ანტისხეულებით მკურნალობა, რაც გულისხმობს პაციენტისთვის მათ მიცემას წელიწადში მხოლოდ ერთხელ, კლინიკურ ცდებში ძლიერ ეფექტიანი აღმოჩნდა. ამ ეტაპზე, ამ მედიკამენტების მიღება რამდენიმე თვეში ერთხელაა საჭირო.
NIH-ის მკვლევრები ამჟამად ლამა-ადამიანის ანტისხეულთა ახალ კომბინაციებზე მუშაობენ, რათა იქნებ კიდევ უფრო მძლავრი ეფექტი მიიღონ.
კვლევა Advanced Science-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია news.gsu.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.