ლალი ტურძელაძე - ზუსტად მივყვებით პროტოკოლს, მედპერსონალი უფრო მეტადაც გვყავს შემოსილი, ვიდრე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაა
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, საავადმყოფოში მედპერსონალი პაციენტებთან ურთიერთობისას სრულად არის აღჭურვილი სპეციალური ეკიპირებით.
ტურძელაძის თქმით, მათ უფრო მკაცრი ზომები აქვთ, ვიდრე ამის რეკომენდაციას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია იძლევა.
ტურძელაძემ აღნიშნა ისიც, რომ ექიმის დაინფიცირების განსაკუთრებული რისკი ინტუბაციის დროსაა.
„რა თქმა უნდა, ინტუბაციის დროს. ასეთი პაციენტების ოპერაციის დროს, მოკლედ რომ ვთქვათ, ინვაზიის დროს. რამდენი ინტუბაცია გვაქვს ჩატარებული, თქვენც ხომ ახსენებთ, რომ გადავიდა აპარატზე ანუ ინტუპაცია ჩატარდა. ჩვენს არც ერთ ექიმს არავითარი მოვლენები არ აქვს, რომ საეჭვო იყოს. ანუ უნდა ჩაიცვას ისე, როგორც ინვაზიის დროს არის საჭირო. ის ცოტა კიდევ განსხვავებულია, უნდა იყოს დაფარული სახე და ყველაფერს ისე ვაკეთებთ, როგორც ჯანმთელობის მსოფლიო ორგანიზაციას აქვს მოწოდებული. ჩვენ ზუსტად ისე გვყავს დაცული თანამშრომლები, ჩვენი ექთნები და ექიმები, როგორც გვასწავლის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თავისი გაიდლაინით. ჩვენ ზუსტად მივყვებით იმ პროტოკოლს, ზუსტად ისეთი ჩაცმული გვყავს, ცოტა მეტადაც გვყავს დაცული იმიტომ, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო რეკომენდაციით, რომელიც 13 მარტს დაიდო და მის შემდეგ არ განახლებულა, ის წერს, რომ არ არის საჭირო ეს კოსმონავტის ფორმა, საკმარისია ქუდი, ნიღაბი, სათვალე, ხელთათმანი, ბახილი და ერთჯერადი ხალათი უკან შეკრული. ჩვენ გვაქვს, ის, კოსმონავტის ფორმას რასაც ვეძახით, ზემოდან ხალათი, ყველაფერი. ცოტა უფრო მეტად გვყავს შემოსილი, ვიდრე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას უწერია თავის გაიდლაინში“ ,- განაცხადა ტურძელამ.
ამასთან, ლალი ტურძელაძემ ე.წ. სწრაფ ტესტებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლინიკაში ამ ეტაპზე ე.წ. სწრაფი ტესტები არ მიუღიათ.
მან ასევე განმარტა, რა შემთხვევაში მიაჩნია მიზანშეწონილად მსგავსი ტესტების გამოყენება.
„ვისაც აქვს გამოვლენილი ტემპერატურა, ხველა, ყელის ტკივილი, რომ სწრაფად გაკეთდეს ტესტი და დადგინდეს არის თუ არა იქ კორონა და ადამიანები ბინაზე წავლენ და ბინაზე იმკურნალებენ. ახლა ფსიქოლოგიურად მათ ეძნელებათ ბინაზე გაჩერება, როცა ხველა აქვთ, სიცხე აქვთ და ეჩვენებათ, რომ უჭირთ სუნთქვაც. ეშინიათ და ურჩევნიათ საავადმყოფოში გადმოყვანა. იტვირთება საავადმყოფოს საწოლებიც, მოგეხსენებათ, შემოდინება ცოტა გაიზარდა და გვინდა, რომ ეს საწოლები უფრო მძიმე პაციენტებისთვის გამოვიყენოთ“, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.