ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მიწისძვრის შემდეგ თურქეთსა და სირიაში ინფექციური დაავადებების გავრცელების საფრთხე არსებობს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მიწისძვრის შემდეგ თურქეთსა და სირიაში ინფექციური დაავადებების გავრცელების საფრთხე არსებობს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ ინფექციური დაავადებების გავრცელების საფრთხე არსებობს. ამის შესახებ განცხადება ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორმა, ჰანს კლიგემ გააკეთა.

თურქეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის, ბათირ ბერდიკლიჩევის განცხადებით, სტიქიური უბედურების ზონაში წყლისა და კანალიზაციის სისტემა სერიოზულად არის დაზიანებული.

„ეს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, რადგანაც ჩნდება საფრთხე, რომ გავრცელდეს წყლით გადამდები და ინფექციური დაავადებები“, – აღნიშნა ბათირ ბერდიკლიჩევმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ასევე შიშობენ, რომ თურქეთსა და სირიაში სეზონური გრიპებისა და კოვიდ-ინფექციის ეპიდემიის რისკიც მაღალია.

სპეციალისტების თქმით, თურქეთსა და სირიაში ჰუმანიტარული დახმარება 26 მილიონ ადამიანს სჭირდება. მათგან მილიონი ადამიანი თურქეთში სახლ-კარის გარეშე დარჩა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ევროპის რეგიონში მსგავსი მასშტაბის სტიქიური უბედურება საუკუნეა, არ მომხდარა. ორგანიზაციამ უკვე მოუწოდა დონორებს, თურქეთსა და სირიაში დაზარალებულების დასახმარებლად 34 მილიონი დოლარის მობილიზება მოახდინონ.