საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში აჭარიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდნენ და საცხოვრებელი ფართის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცეს.
დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, 2004-2009 წლებში, ეკომიგრანტი ოჯახებისთვის შესყიდული სახლების დაკანონების პროცესი 2015 წელს დაიწყო.
უწყების ცნობით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სახლები 94 ეკომიგრანტ ოჯახს დაუკანონდა, მთელი საქართველოს მასშტაბით კი საკუთრების მფლობელი უკვე 500-ზე მეტი ეკომიგრანტი ოჯახი გახდა.
„მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში, მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, აჭარიდან ჩასახლებულ ოჯახებსაც შეხვდნენ.
ჰერეთისკარში მცხოვრებმა აჭარელმა ეკომიგრანტებმა თავად დაარსეს არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰერეთი“, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, სოფლის განვითარების ხელშესაწყობად პროექტებს ახორციელებს. მხოლოდ 2017 წელს, სოფელ ჰერეთისკარში სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ძირითადად სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად და განსავითარებლად, მცირე გრანტები 40 ოჯახზე გაიცა“,- აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების გადაცემის პროცესს კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და ხულოს, შუახევისა და ქედის მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძეც ესწრებოდნენ.