ლადო კახაძე - მცდელობა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთდაპირისპირების მიზეზი ვეძებოთ, განვითარების არასწორი ვექტორია
მცდელობა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთდაპირისპირების მიზეზი ვეძებოთ, განვითარების არასწორი ვექტორია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლადო კახაძემ ჟურნალისტებს დავით გარეჯის საკითხზე დასმულ კითხვაზე განუცხადა.
მისი თქმით, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც მის მეზობელთან ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების მემორანდუმს პირნათლად ასრულებს.
„დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი საკითხი მოლაპარაკებების გზით გადაწყდება, რადგან ჩვენი ურთიერთობა არის სტრატეგიული ურთიერთობა, არის მომავალზე გათვლილი ურთიერთობა და ეფუძნება იმ დიდ წარსულს, რომლის წარმომადგენლები არიან თითოეული ამ ქვეყნის შვილები. თანამედროვეობას ზოგჯერ ახასიათებს პრობლემების გამწვავების საკითხი“, – აღნიშნა ლადო კახაძემ.
მისივე თქმით, დელიმიტაციისა და საზღვრის დადგენის საკითხი ყოველთვის გარკვეულ ტკივილებთან არის კავშირში.
„ეს ყველაფერი მოწესრიგებადია და დროის გარკვეულ მონაკვეთში თავის ადგილზე დადგება. ჩვენ უფრო რთული მდგომარეობიდანაც გამოვსულვართ. მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს და იმის მცდელობა, რომ ამ ქვეყნებს შორის ურთიერთდაპირისპირების მიზეზი ვეძებოთ, ჩვენი განვითარების არასწორი ვექტორია. მე მაინც ვფიქრობ, რომ სახელისუფლებო გონიერება, ორივე მხარეს ერთა შორის დიდი, ხანგრძლივი მეგობრული ურთიერთობა გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ეს საკითხი რეგულირებადი იყოს“, – განაცხადა ლადო კახაძემ.