ლადო კახაძე - ციხეში გამოსწორებული ადამიანი არ მინახავს
ლადო კახაძე - ციხეში გამოსწორებული ადამიანი არ მინახავს

ნარკოპოლიტიკის მოწესრიგება მსოფლიოს არ სურს, რადგან ამით დიდ ბაზარსა და ფულს დაკარგავს, – ამის შესახებ ექიმმა ლადო კახაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„მსოფლიო მოსახლეობის 10% ნარკოტიკს მოიხმარს და როგორ გგონიათ, 700 მილიონიან ბაზარს მომხმარებელს ნარკობიზნესი დათმობს?! აქცენტი ავადმყოფზე კეთდება, ანუ იმ ადამიანზე, რომელმაც სასიკვდილო გზა ხელოვნურად აირჩია. ახლა კიდევ ხელი გვინდა ვკრათ და კრემატორიუმში შევაგდოთ, რადგან ციხე სწორედ კრემატორიუმია, სადაც ამ გაგებით გამოსწორებული ადამიანი არ მინახავს“, – განაცხადა კახაძემ.

როგორც ლადო კახაძემ განაცხადა, დადის მოარული ხმა, რომ ნარკომანია განუკურნებელი სენია, რაც ტყუილია. 

„ნარკომანია განუკურნებელი სენი არ არის. უბრალოდ, ერთი გაჭირვებული, სასიკვდილო გზაზე თავისი ნებით წასული კაცით ფულს შოულობს ექიმი, სამართალდამცველი, კანონმდებელი, აღმასრულებელი და ასე შემდეგ. ანუ, ერთ გაჭირვებულზე ყველა შენდება. რაც ბევრი დაავადებულია, ფარმაცია მოიგებს, ნარკობიზნესი მოიგებს, პოლიცია მოიგებს… ასე რომ, ამის მოწესრიგება არავის უნდა“, – განაცხადა ლადო კახაძემ.

ლადო კახაძემ ასევე განაცხადა, რომ ის მსუბუქი ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციის მომხრეა.