სხვა მრავალ გაკვეთილს შორის, კორონავირუსის პანდემიამ გვასწავლა, რამდენად ახლოს არიან ადამიანები ცხოველთა სამყაროს დანარჩენ ნაწილთან. დაავადებებს ცხოველებისგან ვიღებთ და შემდეგ, კიდევ უფრო მეტ ცხოველს ვიყენებთ ამ დაავადების შეჩერების გასარკვევად. ვაქცინებისა და პრეპარატების შესაქმნელად, შესაბამისად, პანდემიასთან საბრძოლველად, ცხოველები გადამწყვეტ როლს თამაშობენ.
თითოეული პანდემიის უკან სხვადასხვა ცხოველი დგას. მეცნიერები თითქმის დარწმუნებული არიან, რომ ახალი კორონავირუსული დაავადება ღამურის ვირუსისგან დაიწყო. ადამიანებამდე მისაღწევად, ამ ვირუსმა სავარაუდოდ გაიარა სხვა ცხოველიც, დიდი ალბათობით პანგოლინი.
თუმცა, ცხოველები, რომლებზეც მეცნიერები ლაბორატორიაში არიან დამოკიდებული, პირველ რიგში გახლავთ თაგვები, შემდეგ კი მოდიან ქრცვინები, ზაზუნები და მაიმუნები. მთელ მსოფლიოში სხვადასხვა ლაბორატორია ერთმანეთს ეჯიბრება კვლევებისთვის საჭირო თაგვების გენური ინჟინერიით გამოყვანაში; ამავე დროს ამოწმებენ სხვა ცხოველების მგრძნობელობას COVID-19-ის გამომწვევი ვირუსისადმი.
ცხოველთა ტესტირებას რა თქმა უნდა, მრავალი მიზანი აქვს, განსაკუთრებით პრიმატების შემთხვევაში; მეცნიერები ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ ადამიანების წინაშე მდგარი რისკების შესახებ, როდესაც პრეპარატი თუ ვაქცინა პირველ რიგში ცხოველებზე არ არის შემოწმებული.
ყველა ტესტის მიზანს ვერც ერთი ცალკეული სახეობის ცხოველი ვერ მოემსახურება და შესაბამისად, მეცნიერებს აქვთ რამდენიმე კრიტერიუმი, რომლის საფუძველზეც აფასებენ მის ვარგისიანობას პრეპარატებისა და ვაქცინების ეფექტიანობის შემოწმებისთვის.
პირველ რიგში ის უნდა იყოს ინფექციისადმი მგრძნობიარე; ყველა ცხოველი ასეთი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ჰონგ-კონგში ერთი ძაღლი კორონავირუსის სუსტად დადებითი ტესტით კარანტინში გადაიყვანეს, ჯანდაცვის სხვადასხვა სააგენტო ერთ ბუნდოვან შედეგს შეშფოთების საბაბად არ მიიჩნევს. მკვლევართა განცხადებით, ჯერ არ არსებობს მტკიცებულება, რომ შინაური ცხოველები ამ დაავადებისადმი მგრძნობიარე არიან.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ლაბორატორიის ცხოველები ინფექციის ამთვისებლები არიან, არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ავად გახდებიან.
„უმეტეს მათგანს არც კი ეტყობა, რომ ინფიცირებულია“, — ამბობს აიოვის უნივერსიტეტის მიკრიბიოლოგი სტენლი პერლმენი, რომელმაც 2003 წელს შექმნა SARS-ის ინფექციისადმი მგრძნობიარე თაგვი. Მას hACE2 თაგვი დაარქვეს.
თუ ინფექციის გამო ცხოველი ავად არ ხდება, მისი გამოყენება შეზღუდულია, რადგან პრეპარატის ეფექტიანობის შემოწმება მოითხოვს დაკვირვებას, შეჩერდება თუ არა მკურნალობის შედეგად სიმპტომები.
ლაბორატორიისთვის საუკეთესო ცხოველი არა მხოლოდ უნდა ინფიცირდებოდეს და ავადაც ხდებოდეს, არამედ ავად ხდებოდეს ზუსტად იმავე გზით, როგორც ადამიანი, ანუ, დაავადებას ჰქონდეს იგივე მიმდინარეობა.
დოქტორ პერლმანის განცხადებით, SARS -ისადმი მგრძნობიარე hACE2 თაგვი ავად გახდა, მაგრამ სხვა სიმპტომებთან ერთად განუვითარდა ტვინის დაავადება. ჩინეთში ჩატარებული ახალი კვლევა, რომელიც ჯერ რეცენზირებული არ არის, იუწყება, რომ ეს თაგვები დაინფიცირდნენ COVID-19-ის გამომწვევი ვირუსით (სახელად SARS-CoV-2) და მსუბუქი პნევმონიაც განუვითარდათ. კვლევაში არაფერია აღნიშნული ტვინის დაზიანების შესახებ.
თაგვების ამ ნაირსახეობას შემდეგ გამოიყენებენ ერთ-ერთ პირველ ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში. თუმცა, პირველ რიგში საჭიროა მათი დაბადება. გენური ინჟინერიით გამოყვანილი თაგვების სხვა უამრავი ნაირსახეობის მსგავსად, მეცნიერები ცოცხალი თაგვების კოლონიას არ ინახავენ. ამის ნაცვლად, მუდამ მზად აქვთ თაგვების გაყინული სპერმა და ემბრიონები.
2003 წელს, SARS-ის ეპიდემიის დასრულებისთანავე, hACE2 თაგვები გაყინეს. ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევარი ჩიენ-ტე ცენგი, რომელმაც hACE2 თაგვი დამოუკიდებლად შექმნა, თავის ლაბორატორიაში გაყინული ემბრიონებისგან ახლა კოლონიას აშენებს. თაგვებს მაკეობის სამკვირიანი პერიოდი აქვთ, სქესობრივ სიმწიფეს კი რვა კვირისები აღწევენ.
დოქტორი პერლმანი ამ თაგვების თავად გაცოცხლებას არ გეგმავს. გაყინული სპერმის 16 სინჯარა მან უკვე გაუგზავნა მენის შტატის ჯეკსონის ლაბორატორიას, რომელიც ლაბორატორიის ცხოველების ერთ-ერთი უდიდესი მომშენებელია მსოფლიოში. შესაბამისად, თაგვების დაბადებაზე იქ იზრუნებენ.
ამ ლაბორატორიის თაგვების საცავის დირექტორის, კეტ კუტზის განცხადბით, ათასობით სხვადასხვა ნაირსახეობის თაგვი გსავარცელებლად მზად მაისში იქნება, მათ შორის hACE2 სახეობის თაგვებიც.
თაგვების ამ სახეობის უპირატესობა ის არის, რომ უჯრედებზე აქვთ ადამიანის რეცეპტორი, სახელად ACE2; აქედან მოდის მათი სახელიც – hACE2. ამის გამო, ისინი ინფიცირედებიან SARS-ით და ახალი კორონავირუსით, რომელთაგან ორივე ამ რეცეპტორს იყენებს უჯრედში შესაღწევად.
დოქტორ ლუტცის განცხადებით, ამ თაგვებზე უზარმაზარი მოთხოვაა, არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ გლობალურად. მისი თქმით, ჯეკსონის ლაბორატორიის მკვლევრები სწავლობენ სხვა გზებს, რომ თაგვები უფრო მგრძნობიარე გახადონ ახალი კორონავირუსისადმი.
„მხოლოდ ერთ მოდელ თაგვს არასოდეს ვიყენებთ. მაგალითად, დიაბეტისთვის გვყავს რვა სხვადასხვა მოდელი, რომლებისგანაც ვიღებთ პასუხებს სასურველ კითხვებზე. ვფიქრობ, იგივეა საჭირო ამჟამინდელ ვითარებაშიც“, — ამბობს ლუტზი.
HACE2 და სხვა ნაირსახეობის თაგვების კვლევას გეგმავს ვაშინგტონის უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა მკვლევარი, დოქტორი მაიკლ დაიამონდიც.
მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ თაგვის გამოყვანას დრო უნდა, მათი შექმნა მაინც უფრო სწრაფად არის შესაძლებელი, ვიდრე სხვა დიდი ცხოველების. მისი თქმით, თაგვები შეიძლება დიდად დაგვეხმაროს კანდიდატ ვაქცინებს შორის ყველაზე რეალურების ამორჩევაში.
დაიამონდი ასევე აღნიშნავს, რომ ვაქცინებისა და პრეპარატების კვლევა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს სხვა ცხოველებზეც, მაგალითად, ზაზუნებსა და ქრცვინებზე, ხოლო რაც შეეხება მაიმუნებს, მათზე გამოცდა აუცილებელია, რომლებშიც დაავადების პროგრესი ზუსტად ადამიანის მსგავსად მიმდინარეობს.
ვისკონსინის უნივერსიტეტის პათოლოგანატომი დეივ ო’კონორი თავის კოლეგებთან ერთად იკვლევს მაიმუნების ვარგისიანობას კორონავირუსის პრეპარატების კვლევაში. მისი თქმით, ჩინელ მეცნიერთა ჯგუფმა უკვე გამოაქვეყნა ანთარ მაკაკებზე ჩატარებული კვლევის გარკვეული შედეგები, მსოფლიოს სხვადასხვა ლაბორატორიების მიერ მიღებულ შედეგებს კი უახლოეს მომავალში ელოდება.
შედეგები შეიძლება ეხებოდეს პრიმატების მგრძნობელობას ლაბორატორიის ტესტებისადმი და არა სამკურნალო საშუალებებს. მისი თქმით, ამ ყველაფერს დრო სჭირდება და იქვე იმედოვნებს, რომ მეცნიერება მალე იპოვის უსაფრთხო და ეფექტიან გამოსავალს.
მომზადებულია The New York Times-ის მიხედვით.