კვლევის თანახმად, საქართველოში თამბაქოს მოხმარების შედეგად გაწეულმა ხარჯებმა 825 მილიონი ლარი შეადგინა
2017 წელს მოსახლეობის მიერ თამბაქოს მოხმარების შედეგად როგორც პირდაპირი ჯანდაცვის დანახარჯებმა, ასევე არაპირდაპირმა დანახარჯმა (ნაადრევი სიკვდილი და სამუშაოზე მოწევასთან დაკავშირებული ხარჯები) 824.9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ქვეყნის წლიური მშპ-ის 2.43%-ია, – ასეთი შედეგებით დასრულდა ქვეყანაში თამბაქოსთან დაკავშირებული ეკონომიკური ზარალის შეფასება და დანაზოგების გათვლა, რაც გაერო-ს განვითარების პროგრამის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ჯანდაცვის სამინისტროსა და სხვა სამთავრობო უწყებების თანამშრომლობით განხორციელდა.
კვლევის ავტორების ინფორმაციით, თამბაქოს კონტროლის პრიორიტეტული ოთხი მუხლის (თამბაქოს ნაწარმის დაბეგვრა, საჯარო სივრცეში მოწევის სრულად აკრძალვა, თამბაქოს ნაწარმის რეკლამირება, პოპულარიზაცია და სპონსორობა, თამბაქოს პროდუქტის შეფუთვა და მარკირება) აღსრულების შემთხვევაში, 15 წლის განმავლობაში ქვეყანა თავიდან აიცილებს 53 100 მოქალაქის გარდაცვალებას, რაც თამბაქოსთან ასოცირებულ მთლიან ეკონომიკურ ხარჯებს 3.6 მილიარდი ლარით შეამცირებს;
„თამბაქოს კონტროლში ჩადებული ყოველი ერთი ლარით უკუინვესტიციის სახით ქვეყანა იღებს 161 ლარს 5 წლის და 357 ლარს 15 წლის განმავლობაში. საინვესტიციო შემთხვევა აჩვენებს, რომ თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის განხორციელების გაძლიერება დააახლოებს ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელებასთან და ასევე, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში“, – ნათქვამია კვლევაში.
2017 წელს საქართველოს, ერთადერთ ქვეყანას ევროპის რეგიონიდან, მიენიჭა FCTC 2030 პარტნიორი ქვეყნის სტატუსი. ესაა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის (WHO FCTC) სამდივნოს მიერ ინიცირებული ახალი პროექტი. სწორედ აღნიშნული პროექტის ფარგლებში განხორციელდა პროექტი „საინვესტიციო შემთხვევა“, ანუ მოხდა ქვეყანაში თამბაქოსთან დაკავშირებული ეკონომიკური ზარალის შეფასება.
შეგახსენებთ, რომ 2017 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო თამბაქოს კონტროლის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მიმდინარე წლის პირველი მაისიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების თამბაქოს კვამლისგან განთავისუფლებასა და თამბაქოს ნაწარმის ყველა სახის რეკლამის, პოპულარიზაციისა და სპონსორობის აკრძალვას ითვალისწინებს.
დღეს კი ქვეყანაში აღინიშნება დღე – „საქართველო თამბაქოს გარეშე“.