კვლევის თანახმად, ევროკავშირის წევრ 20 ქვეყანაში ინტერნეტ სარეკლამო ბაზარი ბოლო 6 წელიწადში 93%-ით  გაიზარდა, სატელევიზიო კი - 9%-ით
კვლევის თანახმად, ევროკავშირის წევრ 20 ქვეყანაში ინტერნეტ სარეკლამო ბაზარი ბოლო 6 წელიწადში 93%-ით  გაიზარდა, სატელევიზიო კი - 9%-ით

ევროკავშირის წევრ 20 ქვეყანაში ინტერნეტ სარეკლამო ბაზარი ბოლო 6 წელიწადში 93%-ით  გაიზარდა, მაშინ, როცა სატელევიზიო და რადიო რეკლამა ფაქტობრივად არ იზრდება, ბეჭდური სარეკლამო ბაზარი კი, მნიშვნელოვან კლებას განიცდის.

კვლევას აღნიშნული მონაცემების შესახებ ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორია აქვეყნებს.

ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით ინტერნეტ სარეკლამო ბაზარი 2011-2016 წლებში 93%-ით გაიზარდა. 2016 წელს ონლაინ მედიამ 36.8 მილიარდი ევროს სარეკლამო შემოსავალი მიიღო, ხოლო სატელევიზიო რეკლამამ 31.4 მილიარდი ევრო შეადგინა. ვიდეო, იგივე მობილური რეკლამიდან მიღებული შემოსავალი 2016 წელს ევროკავშირის 20 ქვეყანაში  2.7 მილიარდ ევროზე დაფიქსირდა.

„სარეკლამო ინდუსტრია მთლიანად ტრანსფორმაციას განიცდის, რაც პროვოცირებულია ახალი სარეკლამო ტექნოლოგიებისა და მოთამაშეების მიერ. Google-ი და Facebook-ი  ონლაინ რეკლამაში დომინანტები არიან“, – აღნიშნულია ევროპული აუდიოვიზუალური ობსერვატორიის ახალ ანგარიშში.

ანგარიშში ასევე მითითებულია, რომ  ონლაინ რეკლამის ბაზარი ევროკავშირის ქვეყნებში ლიდერი 2015 წელს გახდა. სწორედ ამ წელს გადააჭარბა ტელევიზიაში განთავსებული რეკლამის შემოსავლებმა ონლაინ მედიაში განთავსებული რეკლამის შემოსავლებს. 2011-2016 წლებში საერთო სარეკლამო ბაზარი 14%-ით გაიზარდა (შემოსავლები 88.8 მილიარდი ევროდან 101,3 მილიარდ ევრომდე გაიზარდა), რაც ონლაინ მედიაში რეკლამის ზრდის ხარჯზე მოხდა, ონლაინ რეკლამა 2016 წელს წინა წელთან შედარებით, გაორმაგებულია.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ინტერნეტ რეკლამამ სატელევიზიო რეკლამას მთელ ევროპაში მნიშვნელოვნად გაუსწრო.

„12.5 მილიარდი ევრო,  რომელიც სარეკლამო ბაზარმა  2016 წელს მიიღო ძირითადად ონლაინ რეკლამიდან მიღებული შემოსავლების ხარჯზე მოხდა და ის ჯამში 93%-ით არის გაზრდილი, სატელევიზიო და გარე რეკლამა მხოლოდ – 9-9%-ით,  რადიო რეკლამა 8%-ით. ყველაზე დიდი დანაკარგი ბაზარმა ბეჭდურ მედიაში მიიღო, ჟურნალებსა და გაზეთებში რეკლამა 29%-ით დაეცა, კინო რეკლამა კი,  20%-ით  გაიზარდა,“- წერია ანგარიშში.

კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ  ახალმა ტენდენციამ როგორც რეკლამის დამკვეთებისთვის, ასევე  მედიისთვის ახალი გამოწვევები გააჩინა.  სწორედ ამ გამოწვევების გამო, ევროკავშირის სატელევიზიო მაუწყებლებმა შექმნეს ალიანსი, რათა  კონკურენცია გაუწიონ  Google-სა და Facebook- ს.

„სარეკლამო ინდუსტრია აცნობიერებს, რომ დრო, როდესაც კონკურენცია ეროვნულ ბაზარზე ადგილობრივ მოთამაშეებს შორის მიდიოდა, დასრულებულია. ციფრული ტრანსფორმაცია ბადებს ახალ გამარჯვებულებს. 2016 წელს, Google -მა და Facebook -მა, არა მხოლოდ ციფრული, არამედ  მთლიანი სარეკლამო ბაზრის 20% -იანი წილი დაიკავეს და შესაბამისად, მათი გავლენა გლობალურ სარეკლამო ბაზარზე კიდევ  უფრო გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე კონკურენცია რთული იქნება, ეროვნული მოთამაშეები შეერთებულ შტატებსა და ევროპაში ცდილობენ კონკურენციის ახალი გზები   გამონახონ და ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა და ადაპტირება მოახდინონ“,- აღნიშნულია ანგარიშში.