კომუნიკაციების კომისია - 2020 წელს ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები, პოლიტიკური რეკლამის ხარჯზე 11 პროცენტით გაიზარდა, კომერციული რეკლამა კი ცხრა პროცენტით შემცირდა
კომუნიკაციების კომისია - 2020 წელს ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები, პოლიტიკური რეკლამის ხარჯზე 11 პროცენტით გაიზარდა, კომერციული რეკლამა კი ცხრა პროცენტით შემცირდა

2020 წლის სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლებმა 75,2 მილიონამდე ლარი შეადგინა, რაც, გასულ წელთან შედარებით, 7,6 მილიონი ლარით მეტია, – ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„2020 წლის დასაწყისში კომუნიკაციების კომისია ამბობდა, რომ ბიზნესსექტორის პასიურობის მიუხედავად, სარეკლამო ბაზარზე 2020 წელს შემოსავლების მკვეთრი კლება არ დაფიქსირდებოდა, რადგან მაუწყებლების კომერციული რეკლამიდან შემცირებულ შემოსავლებს პოლიტიკური რეკლამიდან მიღებული შემოსავლები დაუბალანსებდა. კომუნიკაციების კომისიის პროგნოზი გამართლდა და პანდემიის მიუხედავად, 2020 წელს მაუწყებლებს ჯამურად სარეკლამო შემოსავლებში 11-პროცენტიანი მატება აქვთ, საიდანაც 13,9 მილიონი ლარი ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდან მიღებული თანხაა.

რაც შეეხება მხოლოდ კომერციულ რეკლამას, 2020 წლის დინამიკა კვარტლების მიხედვით ასეთია: პირველ კვარტალში მაუწყებლებმა, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 11 პროცენტით მეტი შემოსავალი მიიღეს, მეორე კვარტალში კი 39 პროცენტი კლება დაფიქსირდა, მესამე კვარტალში დინამიკა შეიცვალა და მაუწყებლებს შვიდპროცენტიანი მატება ჰქონდათ, ხოლო მეოთხე კვარტალში – სამპროცენტიანი კლება. ჯამურად წლის ჭრილში კომერციული რეკლამიდან მიღებულმა შემოსავალმა, წინა წელთან შედარებით, ცხრა პროცენტით ნაკლები შეადგინა, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კომერციული რეკლამიდან მიღებული შემოსავლების კლება პოლიტიკური რეკლამიდან მიღებულმა შემოსავლებმა დააბალანსა“, – აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, 2020 წლის სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლების ანალიზი აჩვენებს, რომ კომერციული რეკლამიდან მიღებული შემოსავლების ყველაზე დიდი კლება 2020 წლის მეორე კვარტალში მოხდა.

„გასათვალისწინებელია, რომ ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც პანდემიიდან გამომდინარე ქვეყანაში მასშტაბური შეზღუდვები დაწესდა და ყველა სფერო ახალი გამოწვევების წინაშე დადგა, მათ შორის, როგორც რეკლამის დამკვეთები, ისე მაუწყებლები. ახალ რეალობასა და გამოწვევებზე გადაწყობას გარკვეული დრო დასჭირდა, მესამე კვარტალში კი როგორც ამას კომისია ვარაუდობდა, სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი ჩვეულ ნიშნულს დაუბრუნდა და შვიდპროცენტიანი მატება დაფიქსირდა.

პანდემიის გარდა, კომერციული სარეკლამო შემოსავლების ჯამური კლება დიდწილად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე მოდის, ვინაიდან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს, 2020 წელს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9,3-მილიონიანი კლება ჰქონდა, ხოლო საზოგადოებრივ მაუწყებელს – 0,344-მილიონიანი. რაც შეეხება სხვა მაუწყებლებს, 2020 წელს კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხები მაუწყებლების მიხედვით ასეთია:

ტელეკომპანია „იმედმა“ სარეკლამო შემოსავლებიდან 29 მილიონი ლარი მიიღო, საიდანაც 3,3 მილიონი ლარი პოლიტიკური რეკლამიდან მიღებული შემოსავალია. ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ 12,8 მილიონის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, საიდანაც 2,1 მილიონი ლარი პოლიტიკური რეკლამა იყო. ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ 11,1 მილიონი ლარი სარეკლამო შემოსავალი მიიღო, საიდანაც 4,3 მილიონი ლარი პოლიტიკური რეკლამიდან მიღებული შემოსავალია. „ტელეკომპანია პირველმა“ 6,2 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, საიდანაც 1,9 მილიონი ლარი პოლიტიკური რეკლამიდან მიღებული თანხაა. „ჯიდიეს თივიმ“ 2,8 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, საიდანაც 0,5 მილიონი ლარი პოლიტიკური რეკლამიდან მიღებული შემოსავალია. რაც შეეხება ტელეკომპანია „ფორმულას“, მან 2,3 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, საიდანაც პოლიტიკურმა რეკლამამ 0,4 მილიონი ლარი შეადგინა. ტელეკომპანია „პოსტივიმ“ ჯამში 1,6 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, საიდანაც 0,3 პოლიტიკური რეკლამიდან მიღებული თანხებია.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 1,1 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, ფასიანი პოლიტიკური რეკლამა კი არ ჰქონია. „სილქნეტის“ მიერ სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 1,4 მილიონი ლარია, არხს ფასიანი პოლიტიკური რეკლამა არ განუთავსებია. „სეტანტა ჯორჯიამ“ 0,76 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, ფასიანი პოლიტიკური რეკლამა კი არ ჰქონია. სარეკლამო შემოსავლების რვა პოროცენტი სხვა მაუწყებლებზე გადანაწილდა“, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, 2020 წელს სატელევიზიო სარეკლამო ბაზარზე წლების განმავლობაში არსებული სურათი შეიცვალა.

„კერძოდ, ბოლო წლებში სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლების 70 პროცენტზე მეტს ორი მაუწყებელი, ტელეკომპანია „იმედი“ და „რუსთავი 2“ იკავებდა. 2017 წელს „იმედს“ სარეკლამო ბაზრის 35 პროცენტი ეკავა, „რუსთავი 2“-ს 41 პროცენტი, 2018 წელს „იმედს“ ბაზრის 34 პროცენტი ჰქონდა, „რუსთავი 2“-ს 41 პროცენტი, 2019 წელს „იმედს“ 40 პროცენტი, „რუსთავი 2“-ს 33 პროცენტი. 2020 წელს აღნიშნული სურათი შეიცვალა და სარეკლამო ბაზრის 79 პროცენტს უკვე ოთხი მაუწყებელი ტელეკომპანია: „იმედი“, „რუსთავი 2“, „მთავარი არხი“ და „ტელეკომპანია პირველი“ იკავებს.

უფრო ზუსტად, 2020 წელს სარეკლამო შემოსავლები ასე გადანაწილდა – 39 პროცენტი ტელეკომპანია „იმედი“, 17 პროცენტი – „რუსთავი 2“, 15 პროცენტი – „მთავარი არხი“, რვა პროცენტი – „ტელეკომპანია პირველი“, ოთხი პროცენტი – GDS-ი. ტელეკომპანია „ფორმულა“ – სამი პროცენტი, „პოსტივი“- ორი პროცენტი, სარეკლამო შემოსავლების 12 პროცენტი სხვა მაუწყებლებზე გადანაწილდა“, – აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, კომუნიკაციების კომისიის ცნობით, 2020 წელს რადიომაუწყებლების სარეკლამო შემოსავლებმა 6,8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 23 პროცენტით ნაკლებია. კომისიის ინფორმაციით, რადიომაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების კლება დიდწილად სწორედ პანდემიას უკავშირდება.