კახა ბექაური - სარეკლამო ბაზრისთვის პირველი და მთავარი მასტიმულირებელი არის რეიტინგების ერთი სტანდარტით გაზომვა
კახა ბექაური - სარეკლამო ბაზრისთვის პირველი და მთავარი მასტიმულირებელი არის რეიტინგების ერთი სტანდარტით გაზომვა

ქართული სარეკლამო ბაზრის ყველაზე მთავარი პრობლემაც და გამოწვევაც ბაზარზე რეიტინგების მთვლელი ორი კომპანიის არსებობაა, – აცხადებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური.

კომისიის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ ამ საკითხის მოგვარება რეკლამის დამკვეთის ინტერესებშია, რომლებმაც ბიზნესის, ანალიტიკოსებისა და მედიის გაერთიანებითა და ჩართულობით უნდა მოახერხონ, რომ ბაზარზე ერთი მთვლელი ზომავდეს რეიტინგებს.

მისივე თქმით, კომისია ამ საკითხში ხელს შეუწყობს და დაეხმარება ყველას, ვინაიდან სარეკლამო ბაზრისთვის ეს ყველაზე დიდი პრობლემაა.

„ჩვენი აზრით, სარეკლამო ბაზრისთვის პირველი და მთავარი მასტიმულირებელი არის რეიტინგების ერთი სტანდარტით გაზომვა. თქვენ იცით, რომ ბაზარზე დღეს ორი მთვლელი გვყავს, რომელსაც განსხვავებული მონაცემები აქვს, ანუ ბიზნესმა, რეკლამის მიმცემმა არ იცის რეიტინგების სანდოობა, არ იცის რომელია სწორი მონაცემი. ბიზნესს უფლება აქვს იცოდეს, ნებისმიერი ლარი, რომელიც მან სარეკლამო კომუნიკაციაში ჩადო, რამდენად ეფექტური იყო, მაგრამ დღეს ეს არ იცის, არ იცის მისი ნამდვილობა, არ აქვს სწორი მონაცემი, ამიტომაც არის ეს პრობლემაა, ამიტომაც, არ აქვს სტიმული, რომ მეტი ფული დახარჯოს. ამ საკითხიდან გამოსავალიც და ამოსავალი წერტილიც არის დამკვეთის ინტერესი. დამკვეთის ინტერესია, რომ ობიექტურად გაიზომოს მედია, რადგან ისინი ფულს დებენ რეკლამაში. უნდა შექმნან მედია კომიტეტი, ე.წ. ასოციაცია, სადაც მოხდება ბიზნესისა და მედიის გაერთიანება. მათ ერთობლივად, გამჭვირვალედ უნდა იმუშაონ და გააკეთონ ისე, რომ ერთი რეიტინგების მთვლელი იყოს ბაზარზე.

რაც შეეხებათ ტელევიზიებს, მათ უფლება უნდა ჰქონდეთ, რომ ექვს თვეში ერთხელ დამოუკიდებელი აუდიტორის მეშვეობით ამ მთვლელის აუდიტი გააკეთონ, აკონტროლონ, რამდენად სწორად და ობიექტურად ხდება მათი გაზომვა, ეს არის ყველაზე მთავარი მასტიმულირებელი სარეკლამო ბაზრისთვის, დამკვეთისთვისაც და მედიისთვისაც“,- აცხადებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური.

მისივე თქმით, კიდევ ერთი თემა, რომელიც მაუწყებლებმა უნდა გადაჭრან, ტრადიციული მედია კონტენტის ციფრულ მედია კონტენტად ტრანსფორმირებაა.

„ევროპაში ტენდენცია არის იმისკენ, რომ ტრადიციულ მედიაში აღარ იზრდება სარეკლამო შემოსავალი, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა იზრდება, სარეკლამო ბაზარი არ იზრდება და არის სტაბილური. რაც შეეხება პრესას და რადიოს, იქ მცირდება სარეკლამო შემოსავლები, მაგრამ ეს ყველაფერი გადადის ციფრულ მედიაში, როდესაც რეკლამის მიმცემს სარეკლამო ბიუჯეტის გაზრდა უნდა, ის ამ თანხას მთლიანად ციფრულ მედიაში უშვებს, ამიტომ საჭიროა ტრადიციული მედია კონტენტის ტრანსფორმირება მულტიმედია კონტენტში“,- აცხადებს კახა ბექაური.

ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

დატოვე კომენტარი