კვიპროსზე ხანძარს ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაცია სააგენტო „როიტერზე“ ვრცელდება.
უკვე მეორე დღეა კვიპროსზე, ტროოდოსის მთის მასივზე ხანძარი მძვინვარებს. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით ხანძარმა, რომელსაც ძლიერი ქარიც უწყობს ხელს, კვიპროსის 10 რაიონში, 50 კვადრატული კილომეტრი ფართობი დააზარალა.
გასულ დღეს, ლარნაკას რაიონში, სოფელ ოდოუში ხანძრის გამო გარდაცვლილი ოთხი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, გარდაცვლილები სავარაუდოდ ეგვიპტის მოქალაქეები არიან.
სატყეო სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, ტროოდოსის მთის მასივზე გაჩენილი ხანძარი ყველაზე ძლიერია კვიპროსის ისტორიის განმავლობაში. ხანძრის ჩაქრობაში დახმარების აღმოსაჩენად, ევროკომისიის გადაწყვეტილებით, საბერძნეთიდან და იტალიიდან კვიპროსის მიმართულებით სახანძრო თვითმფრინავები გაფრინდნენ. გარდა ამისა, ევროკომისიის განცხადებით, ხანძრის კერების დასადგენად ამოქმედდა ევროკავშირის საგანგებო სიტუაციების სატელიტი “Copernicus“.
ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი. ზაფხულის თვეებში კვიპროსზე ყოველწლიურად ფიქსირდება მაღალი ტემპერატურა. აღსანიშნავია, რომ ხანძართან დაკავშირებით პოლიციამ 67 წლის პირი დაკითხა, თუმცა დაკითხვის დეტალები უცნობია.