კვიპროსში მკვლელობისთვის ქართველს რვადღიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
კვიპროსის ქალაქ ლიმასოლის საოლქო სასამართლომ 57 წლის ქართველ მამაკაცს თებერვალში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით რვადღინი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ გამოცემა Cyprus Mail-ი წერს.
47 წლის ერნესტო ლეონიდესი, რომელიც რუსული კრიმინალური ქსელის ადგილობრივი კოორდინატორი იყო, ლიმასოლში თებერვალში მოკლეს.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, ეჭვმიტანილის ექსტრადირება ბულგარეთიდან განხორციელდა, სადაც ის ერთი თვის წინ დააკავეს, როდესაც ბელარუსში გამგზავრებას ცდილობდა.
როგორც პოლიცია აცხადებს, მათ აქვთ მტკიცებულებები, რომ მკვლელობის უკან რუსული კრიმინალური დაჯგუფება დგას.
გამოძიების მტკიცებით, ლეონიდესი კვიპროსში ქართველების კრიმინალურ ქსელს აკონტროლებდა, რომელიც ძარცვასა და ქურდობაში იყო ჩართული, მას სავარაუდოდ, რუსული კრიმინალური დაჯგუფების წევრებთან უთანხმოება მოუვიდა, რის შემდეგაც ის მოკლეს.
დაკავებული 57 წლის ქართველი ეჭვმიტანილი ერთ-ერთია იმ ორ პირს შორის, რომელიც ლიმასოლის ერთ-ერთ რესტორანში, მკვლელობის დღეს, 8 თებერვალს სადილობდა ლეონიდესთან ერთად. სადილის დროს ლეონიდესს სამმა ნიღბიანმა პირმა ესროლა. პროკურატურის მტკიცებით, სწორედ დაკავებულმა ეჭვმიტანილმა შეატყობინა მკვლელობის შესმრულებლებს მსხვერპლის ადგილსამყოფელი. ეჭვმიტანილს დაცვა დაუნიშნეს იმის შემდეგ, რაც მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
თავად ეჭვმიტანილი მკვლელობასთან კავშირს უარყოფს.
კვიპროსის პოლიციის ინფორმაციით, მკვლელობასთან დაკავშირებით კიდევ ცხრა პირი იძებნება, მათ შორის ერთ-ერთი 31 წლის ქართველია, რომელსაც გამოძიება მკვლელობის ერთ-ერთ შემსრულებლად მიიჩნევს. გამოცემა Cyprus Mail-ი წერს, რომ ის უკიდურესად საშიშია და ასევე იძებნება საბერძნეთისა და საქართველოს მიერ.
თებერვალში, ამავე საქმეზე 24 და 25 წლის ქართველებს 8-დღიანი დროებითი პატიმრობა შეუფარდეს.