კვიპროსში დედოფალ ნეფერტიტის პერიოდის ძვირფასეულობა აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
კვიპროსში, სამარხების გათხრისას აღმოაჩინეს ძვირფასი ყელსაბამი, რომელსაც „ლოტოსის ყვავილს“ უწოდებენ და რომლის მსგავსსაც ძველი ეგვიპტის დედოფალი ნეფერტიტი ატარებდა.
ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონში, სამარხებში მრავალი ასეთი ძვირფასი ნივთია აღმოჩენილი; კონკრეტულად ამ ძეგლზე კი ასევე აღმოაჩინეს ძვრიფასი ქვები, კერამიკა და სხვა საიუველირო ნაკეთობები.
კვიპროსზე მომუშავე შვედურმა ექსპედიციამ 2018 წელს პირველად ბრინჯაოს ხანის ორი სამარხი გათხარა; ორივე მათგანი უძველეს ქალაქ ჰალა-სულთანში მდებარეობს და წარმოადგენდა მიწისქვეშა აკლდამას.
სამარხებში იპოვეს 150 ადამიანის ჩონჩხი და მათთვის ჩაყოლებული 500 ნივთი. ისინი ერთმანეთზე შრეებად იყო განლაგებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სამარხ აკლდამებს რამდენიმე თაობა იყენებდა.
„აღმოჩენა გვაფიქრებინებს, რომ ეს გახლავთ ქალაქის მმართველი ელიტის საოჯახო სამარხები. მაგალითად, ვიპოვეთ 5 წლის ბავშვის ჩონჩხი, რომელსაც ოქროს ყელსაბამი, ოქროს საყურეები და დიადემა უკეთია. სავარაუდოდ, ის გავლენიანი და შეძლებული ოჯახის შვილი იყო“, — ამბობს გათხრების ხელმძღვანელი, შვედეთის გეტებერგის უნივერსიტეტის პროფესორ ემერიტუსი პიტერ ფიშერი.
სამარხებში ჩატანებულ ნივთებს შორის არის საიუველირო ნაკეთობები და ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოსა და სპილოს ძვლისგან დამზადებული სამახსოვრო ნივთები, ასევე სხვადასხვა კულტურის ჭურჭლები.
„ასევე ვიპოვეთ კერამიკისგან დამზადებული ხარი. შიგნიდან ის ღრუა და სხეულზე ორი ნახვრეტი აქვს: ერთი ზურგზე, რათა ის სითხით აევსოთ, სავარაუდოდ ღვინით, მეორე კი ცხვირზე, საიდანაც ამ ღვინის სვამდნენ. აშკარაა, რომ მიცვალებულის პატივსაცემად, აკლდამაში ნადიმებს მართავდნენ“, — ამბობს ფიშერი.
სამარხებში აღმოჩენილ სხვა ნივთებს შორის არის წითელი სარდიონის ქვა ინდოეთიდან, ცისფერი ლაზულიტის ქვა ავღანეთიდან და ქარვა ბალტიის ზღვიდან. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ბრინჯაოს ხანის კვიპროსელები ჩართული იყვნენ ვრცელ სავაჭრო ქსელში.
არქეოლოგებმა მიაგნეს ძველ ეგვიპტესთან ვაჭრობის მტკიცებულებებსაც, მათ შორის, ოქროს იუვილერიას, ხოჭოს ფორმის ავგაროზებს და ნილოსის ხეობიდან ჩამოტანილ თევზის ნარჩენებს.
არქეოლოგთა ჯგუფმა ოქროს ნაკეთობები ეგვიპტეში აღმოჩენილ მსგავს ნივთებთან შედარების გზით დაათარიღა.
„შედარებებმა აჩვენა, რომ ობიექტთა უმეტესობა ნეფერტიტის და მისი ქმრის, ეხნატონის დროისაა, დაახლოებით ძვ. წ. 1350 წლის“, — აღნიშნავს ფიშერი.
მისი განცხადებით, ასეთივეა მათ მიერ აღმოჩენილი ოქროს ყელსაბამი — ლოტოსის ყვავილის მოზაიკა ძვირფასი ქვებით. სწორედ ასეთ ნაკეთობებს ატარებდა ნეფერტიტიც.
ჯგუფმა აღმოაჩინა ჰემატიტისგან დამზადებული ცილინდრის ფორმის ბეჭდები, რომლებსაც მესოპოტამიური ლურსმული წარწერები ამშვენებს.
„ტექსტი სამი ხაზისგან შედგება და იხსენიებს სამ სახელს. ერთი მათგანია ამურუ — ღმერთი, რომელსაც მესოპოტამიაში სცემდნენ თაყვანს. დანარჩენი ორი კი ისტორიული მეფეები, მამა-შვილი, რომლებისაც ამავე პერიოდის, ანუ ძვ. წ. მე-18 საუკუნის თიხის ფირფიტების სხვა ტექსტებშიც მივაგენით“, — ამბობს ფიშერი.
მისივე თქმით, ისინი ამჟამად ცდილობენ გაარკვიონ, რატომ მოხვდა ეს ბეჭდები კვიპროსზე, მათი დამზადების ადგილიდან თითქმის 1000 კილომეტრის მოშორებით.
სამარხებში აღმოჩენილი კერამიკის ნაკეთობათა ანალიზმა აჩვენა, რომ მათი დამზადების სტილი დროთა განმავლობაში შეცვლილია.
ამის შემდეგ, არქეოლოგები აღმოჩენილი ჩონჩხების დნმ-ის ანალიზს გეგმავენ, რაც დაადგენს, რამდენად არიან სხვადასხვა ინდივიდები ერთმანეთთან დაკავშირებული და არიან თუ არა მათ შორის სხვა კულტურებიდან იმიგრანტები, რაც სულაც არ იქნება გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ ვრცელ სავაჭრო ქსელებს.
მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.