კვიპროსის ხელისუფლებამ, ქართველთა ისტორიული ღვაწლის აღსანიშნავად, საქართველოს სახელმწიფოს, ღალიას სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ 13 000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი გადასცა მასზე ეკლესია-მონასტრის ასაშენებლად, – ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიწის ნაკვეთის სახელმწიფო ღირებულება 260 000 ევრო, ხოლო საბაზრო – 1 000 000 ევროა.
კვიპროსის ხელისუფლებამ საჩუქრის რეგისტრაციაში გატარების თარიღი – 04.01.2018, სიმბოლურად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაბადების დღეს დაამთხვია.
კვიპროსის რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი საქართველოს დელეგაციის წევრები: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, ვალერიან ლილუაშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ ანთიძე, გენერალური დირექტორის მოადგილე, პაატა გაფრინდაშვილი, კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რევაზ ლომინაძე ღალიას ღვთისმშობლის (პანაგია ხრისოიალიოტისა) ქართულ მონასტერს ეწვივნენ.
„ღალიას (ჟალიას) მონასტერი კვიპროსის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, პაფოსის პროვინციის პატარა, ისტორიული ქალაქის, პოლის ქრისოქოსის მახლობლად, ტყეში მდებარეობს. მონასტრის ნანგრევები 1981 წელს აღმოაჩინა ამერიკაში ემიგრირებულმა ქართველმა მეცნიერმა, ქართველი ხელოვნების ისტორიკოსმა, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა ვახტანგ ჯობაძემ. ქართული სულიერებისა და კულტურის ეს უძველესი კერა რამდენჯერმეა მოხსენიებული ძველ ქართულ წერილობით წყაროებში, რომელთა შორის უძველესი XI-XII საუკუნეების მიჯნით თარიღდება. ღალიას მონასტერში, მისი არსებობის დასასრულამდე, ქართველი ბერ-მონაზვნები მოღვაწეობდნენ. სავარაუდოდ მონასტერმა არსებობა XVI საუკუნის ბოლოს, ოსმალთა მიერ კვიპროსის ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. ღალია გაიძარცვა და ნანგრევებად იქცა.
ადგილობრივებმა შემოინახეს თქმულება, რომლის თანახმადაც, 1571 წელს, კვიპროსის დაპყრობის შემდეგ, ოსმალთა რაზმს დაუკავებია ღალიაც, სადაც ექვსი ქართველი ბერი წამებით დაუხოცავთ, მეშვიდე კი გაჰქცევიათ, ფრიალო კლდიდან გადამხტარა და უვნებლად დაშვებულა ძირს. შეშინებული მდევრები უკან დაბრუნებულან, ქართველ ბერს კი ქოხი აუშენებია და ღრმა სიბერემდე იქ უცხოვრია. ამ სასწაულის ადგილს დღემდე „ბერის ნახტომს“ უწოდებენ. მორწმუნეებში შემორჩა ლეგენდა მონასტრის წისქვილის შესახებ, რომელიც მხოლოდ მონასტრის საფქვავს ფქვავდა და თავისით ჩერდებოდა, როგორც კი სხვისი მარცვლეული აღმოჩნდებოდა ხვიმირში“, – აღნიშნულია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, მონასტრის სრულმასშტაბიანი არქეოლოგიური შესწავლის იდეა 2001 წელს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის კვიპროსში ვიზიტის დროს გაჩნდა, ხოლო მას შემდეგ, რაც საქართველოსა და კვიპროსის წარმომადგენლებმა მიაღწიეს შეთანხმებას ერთობლივი კვლევა-ძიების ჩატარების თაობაზე, ქართველი არქეოლოგები, ხელოვნებათმცოდნეები, არქიტექტორები, მხატვარ-რესტავრატორები, ანთროპოლოგები, ტოპოგრაფები, გეოლოგები, კონსტრუქტორები წლების მანძილზე მუშაობდნენ ძეგლის გაწმენდისა და კონსერვაციისთვის.
„ამჟამად ღალიას ღვთისმშობლის მონასტერი და მასში შემავალი წმინდა ნიკოლოზის ეკლესია ნანგრევებისგან სრულად გაიწმინდა. აღდგენილი მონასტერი ტურისტულ რუკაზე უკვე დაფიქსირდა. პროექტში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო. ძეგლის არქეოლოგიურ-კვლევითი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსება ქართულმა მხარემ, ფონდმა „ქართუმ“ განახორციელა.
გათხრებმა გამოავლინა ქალწულ მარიამის ეკლესია, რომელიც არაუგვიანეს, 1000 წლით თარითღება. მონასტერი საფუძვლიანად შეაკეთებინა თამარ მეფემ. მას შემდეგ იგი კიდევ ერთხელ განახლებულა მე-13-14 საუკუნეების მიჯნაზე. აღმოჩენილია მე-13-14 საუკუნეების ქართული ფრესკები და წარწერები, საყოფაცხოვრებო და რელიგიური დანიშნულების სხვადასხვა ნივთი.
ღალიის მონასტრის ტერიტორიაზე განთავსებულია ქართულ-ინგლისურ-ბერძნულენოვანი საინფორმაციო დაფა, აღმართულია საქართველოსა და კვიპროსის სახელმწიფო დროშები, ნებისმიერი ქვეყნის დელეგაციის სტუმრობისას კი ჟღერს საქართველოს ჰიმნი და ქართული საგალობლები. ადგილობრივ მოსახლეობაში ქართული მონასტერი განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს: ისინი ამოდიან მოსალოცად, ღამეს ათევენ, მონაწილეობენ ქართველ მღვდელმსახურთა მიერ ჩატარებულ საეკლესიო მსახურებაში.
მონასტერს განსაკუთრებით ხშირად სტუმრობენ ადგილობრივი ქართველობა და კვიპროსში საქართველოს ელჩი, რევაზ ლომინაძე, რომელიც ბევრს აკეთებს მონასტრის პოპულარიზაციისათვის და აქტიურად თანამშრომლობს ქართულ ემიგრაციასთან“, – აღნიშნულია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციაში.