რატი ბრეგაძე - მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში აზომილია 580 247 მიწის ნაკვეთი და საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 458 573 მიწის ნაკვეთზე
რატი ბრეგაძე - მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში აზომილია 580 247 მიწის ნაკვეთი და საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 458 573 მიწის ნაკვეთზე

2022 წელს დაიწყო მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით და ამ რეფორმის ფარგლებში ერთხელ და სამუდამოდ გაირკვევა თითოეული მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ვინაობა – არის ეს მუნიციპალიტეტის საკუთრება თუ ფიზიკური პირის, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში გამართულ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მას „მინისტრის საათის“ ფარგლებში უსმენენ.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში გასწორდება 15 წლის წინ განხორციელებული არასწორი რეგისტრაციები.

„ჩვენმა ამზომველებმა როდესაც დაიწყეს სამუშაოები ველზე, აღმოჩნდა იმაზე ბევრი, ვიდრე ველოდით. სისტემური რეგისტრაციის პროექტი დასრულდება 2024 წლის ბოლოს. დღეისთვის აზომილია 580 247 მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 458 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთზე. დღეში, საშუალოდ, იზომება 2 500-2700 მიწის ნაკვეთამდე. ეს არის რეკორდული მაჩვენებელი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო მასშტაბით.

პროექტი განხორციელდება მერიის მიერ შემოთავაზებულ არეალებზე და სრულად ფინანსდება თბილისის მერიის მიერ. თბილისშიც 2024 წელს მიწის მესაკუთრეთა პრობლემები გადაწყდება“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სისტემური რეგისტრაციის რეფორმას ახორციელებს, რომელიც 2024 წლის ბოლოს დასრულდება.

რეფორმის მიმდინარეობისას სააგენტოში შეიქმნა 1000-ზე მეტი სამუშაო ადგილი; აიზომა 580 247-ზე მეტი მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 458 573 მიწის ნაკვეთზე.